“იტალიის ძმები”: მუსოლინის აჩრდილი თუ ახალი ტიპის კონსერვატიზმი?

რა ხდება?

25 სექტემბერს იტალიაში ვადამდელი არჩევნები გაიმართება. წინასწარი გამოკითხვებით, მემარჯვენე ძალების კოალიცია ლიდერობს. სავარაუდო პრემიერ-მინისტრად პარტია „იტალიის ძმების“ ქალი ლიდერი, ჯორჯია მელონი სახელდება.[1] „იტალიის ძმებს“ ხშირად ნეოფაშისტურ პარტიად მოიხსენიებენ.

რატომაა ეს მნიშვნელოვანი?

ანალიზი

იტალიის მმართველ კოალიციაში განხეთქილების შედეგად, 2022 წლის 21 ივლისს გამოცდილი ბანკირი და იტალიის  ტექნოკრატი პრემიერ-მინისტრი, მარიო დრაგი, თანამდებობიდან გადადგა. ამგვარად, პრეზიდენტ სერჯიო მატარელას მოქმედი პარლამენტის დათხოვნამ და ვადამდელი არჩევნების მიმდინარე წლის 25 სექტემბრისათვის ჩანიშვნამ მოუწია. უკანასკნელ ათწლეულში, იტალიის პოლიტიკური ველის ფრაგმენტაციამ გზა ახალ მოთამაშეებს გაუხსნა.

მუსოლინის აჩრდილი: ვინ არიან „იტალიის ძმები?“

ჯორჯია მელონის „იტალიის ძმები“ 2012 წელს სილვიო ბერლუსკონის პარტია „თავისუფლების ხალხის“ ნგრევის კვალდაკვალ აღმოცენდა. ჯორჯია მელონი, ისევე, როგორც მისი „იტალიის ძმები,“  მუსოლინის მომხრე ყოფილი ფაშისტების მიერ შექმნილი „იტალიის სოციალური მოძრაობის“ წიაღიდან მოდიან.

მართალია, მელონი მუსოლინთან იდეურ თანხვედრას უარყოფს, თუმცა „იტალიის ძმებმა“ დუჩეს პირდაპირ შთამომავლებს მან პოლიტიკური პლატფორმა შესთავაზა და პარტიის შექმნის შემდეგ, ისინი საარჩევნო კანდიდატებადაც წარადგინა.

„იტალიის ძმები“ მას შემდეგ შეიქმნა, რაც ჯორჯია მელონიმ სილვიო ბერლუსკონის მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტია „თავისუფლების ხალხს,“ 2013 წლის არჩევნებისათვის ტექნოკრატი მარიო მონტის დაგეგმილი მხარდაჭერა არ აპატია და განუდგა. მანამდე, მელონი ბერლუსკონის მთავრობაში მუშაობდა ახალგაზრდობის მინისტრის პოზიციაზე.

როგორ აღზევდა ჯორჯია მელონი?

2018 წლის საპარლამენტო არჩევნებში „იტალიის ძმებს“ ხმათა მხოლოდ დაახლოებით ოთხი პროცენტი ერგო. მაშინ ისეთი მემარჯვენე კონსერვატიული პარტიები, როგორიცაა ბერლუსკონის „ფორცა იტალია“ და კიდევ უფრო მარჯვნივ მყოფი მატეო სალვინის „ლიგა“ უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ. საბოლოოდ, იტალიის მთავრობის ფორმირების მანდატი მაინც პოპულისტი ჯუზეპე კონტეს „ხუთვრსკვლავიან მოძრაობას“ ერგო.

იტალიაში ერთპარტიული მთავრობები კარგა ხანია აღარ ყოფილა. გამონაკლისი არც 2018 წლის არჩევნები ყოფილა და ჯუზეპე კონტეს კოალიციურ მთავრობაში მემარცხენე „დემოკრატიულ პარტიასთან“ ერთად მემარჯვენე მატეო სალვინის „ლიგაც“ აღმოჩნდა.

2021 წელს, პანდემიის მძვინვარებისას, კონტეს კოალიცია ჩამოიშალა. კრიზისულ პერიოდში ვადამდელი არჩევნების თავიდან ასაცილებლად, იტალიის მთავრობის მეთაურობა გამოცდილ მარიო დრაგის ჩააბარეს. მისი მთავრობაც მრავალფეროვანი იყო და ამჯერად  მემარცხენეებთან კოალიციაში სალვინის ბერლუსკონის „ფორცა იტალიაც“ შეუერთდა.

მემარცხენეებთან და ცენტრისტებთან ალიანსზე უარით, „იტალიის ძმებიმა“ თავი ულტრა-მემარჯვენე იდეების ერთადერთ პრინციპულ მცველად წარმოადგინეს და წარმატებით შეიფერეს იდეოლოგიურად თანმიმდევრული პარტიის იმიჯი.

იტალიელი პოლიტიკოსების მერყეობის ფონზე ჯორჯია მელონი სტაბილურ პიროვნებად მოჩანს, რაც ვადამდელი არჩევნებისთვის კამპანიისას მისთვის უპირატესობად იქცა.[4]

რას უნდა ველოდეთ არჩევნებზე?

გაზეთ „პოლიტიკოს“ ანალიზით, არჩევნებში „იტალიის ძმების“ სავარაუდო მხარდაჭერის მაჩვენებელი 24%-ია, რაც მემარჯვენე ძალებში მას უპირობო პირველობას ანიჭებს:  „ფორცა იტალიას“ სავარაუდოდ ამომრჩეველთა რვა პროცენტი, ხოლო სალვინის „ლიგას“ ცამეტი პროცენტი მიემხრობა.[5]

რადგანაც „დემოკრატიული პარტია“ ვერ ახერხებს ცენტრისტულ პარტიებთან ერთად ძალების გაერთიანებას, მემარჯვენეების შანსი იზრდება და მათი გამარჯვება კი მელონის პრემიერობას გულისხმობს. მეტიც, თუკი წინასწარ გამოკითხვების შედეგებს დავეყრდნობით, შესაძლოა მემარჯვენეებს საკონსტიტუციო ცვლილებების მანდატიც მიეცეთ. თავად მელონიმ ამგვარი ამბიცია „ბლუმბერგთან“ ინტერვიუში ღიად დააფიქსირა.[6]

„იტალიის ძმები“ და ევროკავშირი

მას შემდეგ, რაც 2014 წელს „იტალიის ძმების“ მეთაურობა ჩაიბარა, ჯორჯია მელონის ანტიევროპული რიტორიკა შერბილდა. მას რადიკალური პარტიის იმიჯის ჩამორეცხვა და ზომიერი პოლიტიკური ძალის სახელის დამკვიდრება სურდა.

მელონი არ ემხრობა იტალიის არც ევროკავშირიდან და არც კონკრეტულად ევროზონიდან გამოსვლას. იგი მხარს უჭერს ე.წ. „ერების ევროპას,“ რაც, სავარაუდოდ, მისი მხრიდან ცალკეული წევრი სახელმწიფოების ეროვნული კომპეტენციების გაძლიერების ხარჯზე ევროკავშირის რეფორმირების სურვილზე მეტყველებს.

2020 წელს მელონი პანევროპული „ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ პარტიის თავმჯდომარე გახდა, რომელსაც მიეკუთვნება, მაგალითად, პოლონეთის მმართველი პარტია „კანონი და სამართლიანობა“. ამგვარად, მელონიმ ევროპული პოლიტიკის ოჯახში მისაღები ლიდერის იმიჯი შეიქმნა.[7]

იტალიას სასიცოცხლოდ სჭირდება ევროკავშირის ეკონომიკური თანადგომა და ნაკლებ სავარაუდოა მელონის, რომელსაც პრაგმატული პოლიტიკოსის სახელი აქვს, გამარჯვების შემთხვევაში ევროკავშირთან კონფრონტაციის სურვილი, ან შესაძლებლობა ჰქონდეს. [8]

რუსეთთან დამოკიდებულება

იტალიის სხვა მემარჯვენე ლიდერებისაგან მელონი რუსეთთან დამოკიდებულებით განსხვავდება. სალვინისა და ბერლუსკონის კავშირები კრემლთან ცნობილია. მათ საპირისპიროდ, „იტალიის ძმების“ ლიდერი მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას რუსეთთან ომში. ამასთან, დადებითად არის განწყობილი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მიმართ.

რას უნდა ველოდეთ?


გამოყენებული წყაროები:

[1] ROMÉO, Lou. “Brothers of Italy, the Far-Right Party on the Cusp of Power.” France 24. France 24, July 24, 2022. https://www.france24.com/en/europe/20220724-brothers-of-italy-the-far-right-party-on-the-cusp-of-power.

[2] “Italy Confronts Its Fascist Past as the Right Prepares for Power.” 2022. POLITICO. August 3, 2022. https://www.politico.eu/article/italy-fascist-giorgia-meloni-mario-draghi-silvio-berlusconi-matteo-salvini-racist-mussolini-election/.

[3] “Brothers of Italy, the Far-Right Party on the Cusp of Power.” 2022. France 24. July 24, 2022. https://www.france24.com/en/europe/20220724-brothers-of-italy-the-far-right-party-on-the-cusp-of-power.

[4] Ghiglione, Giorgio. n.d. “How Giorgia Meloni Took over the Italian Right.” Foreign Policy. Accessed September 1, 2022. https://foreignpolicy.com/2022/08/16/giorgia-meloni-brothers-of-italy-election/.

[5] “POLITICO Poll of Polls — Italian Polls, Trends and Election News for Italy.” 2021. POLITICO. 2021. https://www.politico.eu/europe-poll-of-polls/italy/.

[6] Bloomberg.com. 2022. “Italy Right-Wing Bloc Nears 50% Support in Poll for Autumn Vote,” August 19, 2022. https://www.bloomberg.com/news/articles/2022-08-19/italy-right-wing-bloc-nears-50-support-in-poll-for-autumn-vote.

[7] Review of The Brothers of Italy Are on a Roll. 2020. Economist.com. The Economist. December 12, 2020. https://www.economist.com/europe/2020/12/12/the-brothers-of-italy-are-on-a-roll?giftId=e172ef06-e4b0-499f-9892-9f3e584c1aff&fbclid=IwAR0zk9Ir-Mp4-HX1DkOmtEPqGF–jBSWmdQIEbmhrqtrdnO_JM2T_jk-1G0.

[8] “Brothers of Italy, the Far-Right Party on the Cusp of Power.” 2022. France 24. July 24, 2022. https://www.france24.com/en/europe/20220724-brothers-of-italy-the-far-right-party-on-the-cusp-of-power.

Exit mobile version