Placeholder canvas
ახალი ამბები

„სამართლიანი არჩევნები“: სენაკის მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს

არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 29 აგვისტოს განაცხადა, რომ სენაკის მუნიციპალიტეტის ერთ მაჟორიტარულ ოლქში დანიშნული შუალედური არჩევნები უნდა გაუქმდეს და მთლიანად მუნიციპალიტეტის რიგგარეშე არჩევნები დაინიშნოს.

,,სამართლიანი არჩევნების” განცხადებით, 2021 წლის 17 დეკემბერს, საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, არაერთი პრობლემა გამოვლინდა. კერძოდ, ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის პროპორციული სიით არჩეული წევრის გასვლის გამო, 33-წევრიან საკრებულოში მმართველი პარტიისა და ოპოზიციის მხარეს თანაბარი 16-16 მანდატი დარჩა.

„საკრებულოდან გასული წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების დადასტურების შემთხვევაში, უმრავლესობა კვლავ ოპოზიციის მხარეს აღმოჩნდებოდა, რის გამოც, ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივი ბოიკოტი გამოაცხადა და უარი თქვა სხდომებში მონაწილეობაზე… შედეგად, შეიქმნა კრიზისი და საკრებულო აღმოჩნდა პარალიზებული“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ 17 დეკემბრის შემდეგ კვორუმის არარსებობის გამო საკრებულოს სხდომა ჯამში 10-ჯერ ჩაიშალა.

„სამართლიანი არჩევნების“ თქმით, საარჩევნო კოდექსში მაისში ამოქმედებული ცვლილებებით საკრებულოს გამოკლებული წევრის ადგილმონაცვლის უფლებამოსილების დადასტურებას საკრებულოს გადაწყვეტილება აღარ სჭირდება. „ამდენად, ოპოზიციას კვლავ გაუჩნდა შანსი, 17 მანდატით უმრავლესობა შეეკრიბა“.

„თუმცა, მაისის მიწურულს, მაჟორიტარმა წევრმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან საკრებულო დატოვა, რასაც პარტია ზეწოლას უკავშირებს და ოპოზიციის მხარეს კვლავ 16 მანდატი დარჩა“, – ვკითხულობთ განცხადებაში.

აღნიშნავს რა, რომ 18 აგვისტოს სასამართლომ უკანონოდ ცნო სენაკის საკრებულოს მიერ 19 და 23 თებერვლის გადაწყვეტილებები, „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო კოდექსზე (142-ე) მითითებით განმარტავს, რომ 6 თვის განმავლობაში საკრებულოს არშეკრება მისი უფლებამისილების ვადამდე ადრე შეწყვეტისა და პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების სამართლებრივი საფუძველია.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ რადგან სენაკის საკრებულოს ბოლო უფლებამოსილი სხდომის ჩატარების თარიღად 17 დეკემბერი სახელდება, მას შეკრებისა და მინიმუმ ერთი სხდომის გამართვის 6-თვიანი ვადა 17 ივნისს ამოეწურა.

ორგანიზაცია საარჩევნო კოდექსზე (1541-ე) დაყრდნობით, ამბობს, რომ სენაკის მუნიციპალიტეტში რიგგარეშე არჩევნები 2023 წლის აპრილში უნდა ჩატარდეს.

ამდენად, „სამართლიანი არჩევნები“ მოუწოდებს:

  • საქართველოს მთავრობას, უმოკლეს ვადაში გამოსცეს დადგენილება საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ და მიიღოს გადაწყვეტილება პირდაპირი სახელმწიფო მმართველობის შემოღების თაობაზე;
  • საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრთან ერთად იმსჯელოს და დანიშნოს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები;
  • ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გააუქმოს მუნიციპალიტეტში დანიშნული შუალედური არჩევნები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button