ახალი ამბები

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ დაიწყო

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 29 აგვისტოს განაცხადა, რომ მრავალეროვნული სახმედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ ვაზიანში, IV ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე ოფიციალურად გაიხსნა. წინა წლებისგან განსხვავებით, წელს სწავლების გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრემიერიმინისტრი და თავდაცვის მინისტრი არ დასწრებიან.

საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, მრავალეროვნულ სწავლებაში, რომელიც 29 აგვისტო-9 სექტემბრის პედიოდში იმართება, საქართველოს, აშშ-ის, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 2 400-ზე მეტი სამხედროა ჩართული.

სწავლება მოიცავს სიმულაციურ, სიტუაციურ ვარჯიშებს, მათ შორის, საცეცხლე სავარჯიშოებსა და კომბინირებულ მექანიზებულ მანევრებს.

„„ღირსეული პარტნიორი 2022“-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის, რეგიონულ პარტნიორებსა და მოკავშირე ქვეყნებს შორის მზადყოფნისა და ურთიერთთავსებადობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში სტაბილური და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისთვის“, – ნათქვმია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უწყებისვე ცნობით, საერთაშორისო სწავლების გახსნის ცერემონიალს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები, სწავლებაში მონაწილე ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, ასევე ნატოს ძირითადი ჯგუფის, ნატოს სამეკავშირეო ოფისისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროსვე ინფორმაციით, ცერემონიალის გახსნისას, სწავლების მონაწილეებს სიტყვით თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიმართა და პარტნიორებთან თანამშრომლობასა და რეგიონში სტაბილური გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას უკვე მეექვსედ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა (USAREUR) ხელმძღვანელობს, ხოლო მხარდაჭერას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ახორციელებს.

წლევანდელი მრავალეროვნული წვრთნების მონაწილეები არიან: საქართველო, აშშ, ბულგარეთი, რუმინეთი, მოლდოვა, საბერძნეთი, დიდი ბრიტანეთი, თურქეთი, სლოვაკეთი, ნორვეგია, უნგრეთი, ლიეტუვა, აზერბაიჯანი, გერმანია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ესტონეთი, პოლონეთი და ლიეტუვა-პოლონეთი-უკრაინის მრავალეროვნული ბრიგადა. ასევე, წელს სწავლებაში პირველად მონაწილეობენ იაპონიისა და შვედეთის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button