Placeholder canvas
ახალი ამბები

მეოთხე დღეა, ბორჯომის ტყეში ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ

უკვე მეოთხე დღეა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და სხვა შესაბამისი უწყებების ასეულობით თანამშრომელი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვაბისხევის მიმდებარე ტყეში ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ბოლო, 22 აგვისტოს ცნობით, ხანძრის ჩაქრობა დილიდან განაახლეს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა და ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ავტოტექნიკა.

ამავე ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის მიზნით, შექმნილია ოპერატიული მართვის შტაბი, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, იოსებ ჭელიძე და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობენ.

„ამ დროისათვის დასახლებულ პუნქტებზე ხანძრის გავრცელების საშიშროება მოხსნილია“, – აცხადებენ სამსახურში.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურში განაცხადეს, რომ ბუნებრივი კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტყეში 19 აგვისტოს გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში თავდაცვის ძალების ჩართვის შესახებ ბრძანება 21 აგვისტოს გამოსცა. დღეიდან, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აღმოსავლეთის სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდნენ.

მთავრობის ადმინისტრაციისვე განცხადებით, უკვე ადგილზეა ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის მუხლუხებიანი სახანძრო სპეცტექნიკა MTLB (ყველგან მავალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკა), წყალმზიდები და მაღალი გამავლობის სახანძრო ავტომანქანები.

ამასთან, ხანძრის ჩაქრობით სამუშაოებში შს და თავდაცვის სამინისტროებთან ერთად ასევე ჩართულნი არიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button