Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოსა და სომხეთის პრემიერებმა ახალი საავტომობილო ხიდი გახსნეს

საქართველოსა და სომხეთის პრემიერმინისტრებმა – ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა ორი ქვეყნის საზღვართან, მდინარე დებედაზე მდებარე ახალი საავტომობილო ხიდი გახსნეს, რის შემდეგაც პირისპირ შეხვედრა გამართეს.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესამსახურის ცნობით, ახალი, ე.წ. მეგობრობის ხიდი, რომელიც 160 მეტრის სიგრძის არის და 4 სამოძრაო ზოლი აქვს, საქართველომ და სომხეთის რესპუბლიკამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით, ერთობლივად ააშენეს. ამ უკანასკნელმა პროექტისთვის 7 მლნ ევრო გამოყო. ხიდის ერთი ნაწილი საქართველოს ტერიტორიაზე, ხოლო მეორე ნაწილი სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სხვა საკითხებთან ერთად ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.

ორი ქვეყნის პრემიერებმა აღნიშნეს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი და ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობაში, მათ შორის, ხაზი გაუსვეს თბილისში სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანს ერევანში მომხდარი ტრაგედიის გამო კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button