Placeholder canvas
ახალი ამბები

აგვისტოს ომის მე-14 წლისთავზე ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ წინა ხელისუფლებას აკრიტიკებს

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი 8 აგვსიტოს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოს ეწვივნენ, სადაც დაღუპული სამხედრობის ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, პრემიერმა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ აგვისტოს ომის დღეებში, „ჩვენმა სამხედროებმა გვაჩვენეს მართლაც სამაგალითო გმირობა, თავდადება, თავგანწირვა“.

„მათ ღირსეულად დაიცვეს ჩვენი სამშობლო, თავი შესწირეს ჩვენს სამშობლოს და ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გადაარჩინეს“, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ აგვისტოს ომის ტრაგედიისას, ჩვენი ბევრი თანამოქალაქე და გმირი დავკარგეთ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ აღნიშნავს ხელისუფლება აგვისტოს ომის დაწყების თარიღად 8 აგვისტოს და არა 7-ს, პრემიერმა უპასუხა, რომ „თარიღი 8 აგვისტო არასდროს გამხდარა განხილვის საგანი“ და რომ „ყოფილი ხელისუფლების წარმომგენლები აქ [მუხათგვედის ძმათა სასაფლაოზე] ყოველთვის 8 აგვისტოს ამოდიოდნენ“.

„საერთოდ, უხერხულია, ჩვენი გმირი სამხედროების ოჯახის წევრები დგანან აქ და ჩვენ ვსაუბრობთ თარიღებზე“, – მიმართა მან ჟურნალისტს და დასძინა, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „უგუნურმა პოლიტიკამ, მისმა გაუთვლელმა, პროვოკაციულმა ნაბიჯებმა, განაპირობა ის, რომ მათ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი“.

„ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი. მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და გაწირეს ჩვენი ხალხი, გაწირეს ჩვენი სამხედროები“, – ხაზი გაუსვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებაზე საზოგადოების ნაწილის მოთხოვნის შესახებ კითხვაზე პასუხად, პრემიერმა გნაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის გეგმა ჩავრადა, „იმ მოღალატეებს“, რომელთაც საქართველოს 2008  წლის ომი „ვერ და არ ააცილეს“, ახლა, ჩვენი მოქალაქეების დაზიანება სურთ.

„როცა უნდათ, რომ შეაფერხონ ტურიზმი, ეს ვისზე აისხება? ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს, რომ ქვეყანაში იყოს მშვიდობა, იყოს სტაბილურობა და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარება. ეს არის ჩემი მთავარი ამოცანა“, – ხაზი გაუსვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი

ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც ისაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ აგვისტოს ომიდან გასული 14 წელი „არის ის წლები, როდესაც ჩვენი სახელმწიფო, დაღუპულების ოჯახები ყოველდღიურად ვფიქრობდით იმ მსხვერპლზე, რომელიც ჩვენმა სამხდროებმა და სამოქალაქო პირებმა გაიღეს ამ ომის დროს“.

„ამ წლების განმავლობაში, ჩვენ ვხედავდით რუსული აგრესიის მზარდ ხასიათს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ 2008 წელს რუსულ აგრესიაზე არასათანადო საერთაშორისო რეაგირებას „ვნახეთ, თუ რა მოჰყვა 2014 წელს ყირიმში და როგორ გაგრძელდა ეს 2022 წელს უკრაინაში“.

„ეს არის ერთი მთლიანი აგრესიის ნაწილი და მნიშვნელოვანი არის, რომ ამ პერსპექტივიდან და ამ გადმოსახედიდან ჩვენ ვიცოდეთ, თუ რამხელა რისკები არის საქართველოსთან დაკავშირებით რუსული აგრესიის მხრივ და სწორედ ამ რისკების გაცნოებიერებით იმოქმედოს ჩვენმა სახელმწიფომ“, – ხაზი გაუსვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მანვე უსაფრთხოების კონტექსტში ქვეყნის ნატოში გაწევრინების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ „საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მზაობა აჩვენოს ნატოს წევრობის“.

„ვფიქრობ, რომ დღეს არსებობს კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო მზად არის, რომ იყოს ნატოს წევრი ქვეყანა, საჭირო არის მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება ნატოს წევრების მხრიდან“, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button