ახალი ამბები

ქართული ოცნებიდან წასულები ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებენ

ქართული ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა 28 ივლისს განაცხადა, რომ მმართველ პარტიას ტოვებს და ცოტა ხნის წინ უმრავლესობიდან გასულ დეპუტატებს – სოზარ სუბარს, დიმიტრი ხუნდაძესა და მიხეილ ყაველაშვილს უერთდება, რომელთაც ასევე დღეს განაცხდეს, რომ საკრებულოების ქართული ოცნებიდან გასულ წევრებთან ერთად ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აყალიბებენ, რომლის მიზანიც საჯარო პოლიტიკაში არსებულ ბევრ კითხვაზე პასუხის გაცემისთვის ბრძოლა იქნება.

პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ ახალი მოძრაობის წევრები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, საქართველომ თავიდან აიცილოს ომის საფრთხე და „საქართველოს ევროპული გზა და ინტეგრაცია იყოს შეუქცევადი“.

ხაზი გაუსვა რა, რომ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის 27 ივლისს გავრცელებული წერილისა და მასზე საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის პასუხის შემდეგ გადაწყვიტეს, სუბარმა გაიმეორა, რომ საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე ყოველწუთიერად არსებობს.

„დღეს, მართალია, ეს საფრთხე  შენელდა, მაგრამ ბოლომდე არ არის აღმოფხვრილი“, – თქვა სოზარ სუბარმა და დასძინა, რომ „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ომი ავაცილოთ ჩვენს ქვეყანას და ამისთვის, ზოგჯერ, საჭიროა, რომ ის რაც ხდება კულისებში,  გადმოვიტანოთ საზოგადოებაში“.

ბიძინა ივანიშვილსა და კელი დეგნანს შორის შეხვედრაზე გაამახვილა ყურადღება გურამ მაჭარაშვილმაც და აღნიშნა, რომ რაკიღა შეხვედრის დრო უკრაინაში მიმდინარე ომს ემთხვევა, ახლა, საინტერესოა, ხომ არ შესთავაზა ელჩმა მმართველი პარტიის დამფუძნებელს პოლიტიკაში დაბრუნება, ან ხომ არ გამოთქვა მოქმედი ხელისუფლებისადმი უკმაყოფილება იმის გამო, რომ რუსეთს სანქციები ვერ დაუწესა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button