ახალი ამბები

ოპოზიციის ნაწილმა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებისთვის ალტერნატიული სამუშაო პროცესი დაიწყო

საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტების მოსამზადებლად არასამთავრობო სექტორთან და ექსპერტებთან ერთად, მმართველი პარტიის მიერ შექმნილი ჯგუფებისა და კომისიების პარალელურად, ალტერნატიული სამუშაო პროცესი დაიწყო.

პარალელურ სამუშაო პროცესში ჩართულნი არიან – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; ლელო საქართველოსთვის; სტრატეგია აღმაშენებელი; პარტია საქართველოსთვის; ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატები – თამარ ჩარკვიანი; თამარ კორძაია; შალვა შავგულიძე და არმაზ ახვლედიანი. პროცესში არ მონაწილეობენ – გირჩი; მოქალაქეები და ევროპელი სოციალისტები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ბაჩო დოლიძის განცხადებით, ქართული ოცნება ოპოზიციას „გაუგებარ კომისიებში“ ეპატიჟება, რომელთა ამოცანაც „მხოლოდ და მხოლოდ დროის გაყვანაა“. „ჩვენ ვთავაზობთ, აბსოლუტურად ალტერნატიულ ხედვას. თუ უნდათ საქმის კეთება, შემოგვიერთდნენ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ოპოზიცია სამუშაო პროცესის შედეგად შემუშავებულ ალტერნატიულ კანონპროექტებს პარლამენტში დაარეგისტრირებს და მმართველ პარტიას მათზე მუშაობა მაინც მოუწევს.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, დეპუტატ გიორგი ვაშაძის თქმით, შეუძლებელია იმ კომისიებში შესვლა, რომელსაც „წინაპირობები აქვს“ და მმართველ პარტიას წინასწარ აქვს გაცხადებული, 12 რეკომენდაციიდან ოთხის შესრულებას „აპრიორი“ არ გეგმავს, მათ შორის, „დეოლიგარქიზაციასა“ და „დეპოლრარიზაციას“.

ლელოს წევრის, ლანა გალდავას თქმით, უმრავლესობას რომ მართლაც დემოკრატიული და ინკლუზიური პროცესის წამოწყება სდომებოდა, „აუცილებლად მოხდებოდა შეთანხმება ოპოზიციის წარმომადგენლებთან“. მისივე შეფასებით, მმართველი პარტიის წარმომადგენელთა განცხადებები წინასწარვე იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ „პროცესი არ იქნება შედეგზე ორიენტირებული.

ოპოზიციის ნაწილის კრიტიკა

მიუხედავად ოპოზიციის მიერ წამოწყებულ ალტერნატიულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობისა, პარალელური პროცესების წამოწყების წინააღმდეგია ყოფილი პრეიმიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის, რომელიც მმართველი პარტიის მიერ შექმნილ ჯგუფებსა და კომისიებშიც მონაწილეობს.

„პარალელური პროცესები სწორი არ არის და ვისურვებდით, რომ ყველა ერთ მაგიდასთან დამსხდარიყო“, – თქვა საქართველოსთვის დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა და დასძინა, რომ ისინი ორივე ფორმატში მონაწილეობას იქამდე განაგრძობენ, სანამ დადებითი შინაარსობრივი როლის შესრულება შეეძლებათ. ოპოზიციის მიერ წამოწყებული პროცესი გააკრიტიკა გირჩმაც. „ინიციატივა, რომ ოპოზიცია ცალკე რაღაცაზე მუშაობდეს, პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპარლამენტარების და ევროკომისიის მოთხოვნებს“, – უთხრა გირჩის დეპუტატმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა ჟურნალისტებს.

„ჯერ პარტიებმა პოლიტიკური პოზიციები არ ჩამოაყალიბეს, საჯარო დისკუსიები არ გამართეს და უკვე რაღაც კანონებს წერენ, რაც უბრალოდ მიუღებელია და დესტრუქციული იქნება შინაარსობრივადაც“, – ხაზი გაუსვა მან.

მმართველი გუნდის გამოხმაურება

პარალელური პროცესის დაწყებისთვის ოპოზიციის ნაწილი მმართველ პარტიაშიც გააკრიტიკეს. „ალტერნატიული პროცესი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ისინი ალტერნატიულ რეალობაში ცხოვრობენ. ეს არის ძალიან უბადრუკი მცდელობა იმის, რომ დისკრედიტაცია მოახდინოს იმ სამუშაო პროცესის, რომელსაც ხელისუფლება ეწევა“, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოსლკის შეფასებით კი – ოპოზიციის ეს ნაწილი ის ჯგუფია, რომელსაც „დესტაბილიზაცია მიაჩნია მთავარ ამოცანად“. „ტექნიკური მთავრობის შექმნ[ის მოთხოვნა], პარალელური სტრუქტურების შექმნა, რასაკვირველია, უპირისპირდება მთავარ მოთხოვნას – დეპოლარიზაციას“, – დასძინა მან.

არასამთავრობო სექტორის პოზიცია

იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი პოლიტიკური პარტიებისგან რეკომენდაციების შესრულებაზე ერთობლივ მუშაობას ელის, პარალელური პროცესის წამოწყება გააკრიტიკა არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმაც, რომელიც ოპოზიციასთან დღევანდელ სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა.

სიმონიშვილის განცხადებით, სამოქალაქო სექტორი ნებისმიერ მხარესთან კონსულტაციებისთვის მზად არის, „თუმცა პარალელური, ალტერნატიული პროცესები არ არის ხელსაყრელი მთლიანად პროცესისთვის“. „საბოლოო ჯამში, პროცესები პარალელურად კი არ უნდა წარიმართოს, არამედ ერთ გადაკვეთის წერტილამდე უნდა მივიდეს“, – დასძინა მან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button