Placeholder canvas
ახალი ამბები

ქართული ოცნება პრეზიდენტის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სესიას არ დაესწრება

საპარლამენტო ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დეპუტატმა გივი მიქანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე მმართველი პარტიის მიერ შალვა პაპუაშვილისთვის გაგზავნილი წერილი წარადგინა, რომელშიც ნათქვამია, რომ ფრაქცია ქართული ოცნება არ აპირებს „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ დაგეგმილ „საბოტაჟურ და შედეგთან მიმართებით უპერსპექტივო პროცესში მონაწილეობას“ და პრეზიდენტის მიერ მოწვეულ რიგგარეშე სხდომას არ დაესწრება.

ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე სამუშაოდ რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ ოპოზიციისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილის მიმართვა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 15 ივლისს დააკმაყოფილა. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ დღეს ქვეყნის წინაშე არსებული მთავარი გამოწვევა ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულებაა და ახლა შესვენება „გამართლებული არ არის“. მმართველ გუნდში იმავე დღეს განაცხადეს, რომ რიგგარეშე სესიის მოწვევის აუცილებლობას ვერ ხედავდნენ.

„ქართული ოცნება იმ პროცესში, რომლის მიზანია არა ევროპული და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, არა ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება, არამედ პოლარიზაციის გაღრმავება და ხსენებული რეკომენდაციების საბოტაჟი, მონაწილეობას არ მიიღებს“, – ნათქვამია წერილში.

მმართველი გუნდის მტკიცებით, ოპოზიციის მიერ შემოთავაზებული დღის წესრიგი პარლამენტის რეგლამენტს ეწინააღმდეგება, რადგანაც წარმოდგენილი საკითხების უმეტესობა საკომიტეტო მოსმენებზე არ განხილულა. რაც შეეხება, საკონსტიტუციო ცვლილებებს, მმართველი პარტია მის განხილვას მიმდინარე წელს „საერთოდ არ გეგმავს“.

ქართულმა ოცნების განცხადებით, მათ ევროკომისიის მიერ გაცემულ რეკომენდაციებზე მუშაობა პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გახმოვანებული გეგმის მიხედვით უკვე დაიწყეს.

„მიუხედავად იმისა, რომ [საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების] საკითხის განხილვამ 2023 წლისთვის გადაიწია, ამ გეგმაში ცვლილება არ შევა [და] 2022 წლის დეკემბრამდე ბოლომდე იქნება მიყვანილი“, – ნათქვამია წერილში.

მმართველი პარტია „რადიკალური ოპოზიციის თითოეულ წარმომადგენელს“ მოუწოდებს „პარალელური პროცესების გამოგონებით ნუ გაამართლებენ და ნუ გამოეთიშებიან კომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესს. მიიღონ მონაწილეობა მიმდინარე საპარლამენტო – სამუშაო ჯგუფების და საკომიტეტო საქმიანობაში, რაც, სხვათა შორის, მათი კონსტიტუციური ვალდებულებაცაა“.

გივი მიქანაძის თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ოცნების უარის შემდეგ, სხდომის გახსნისთვის საჭირო კვორუმის შეკრება ვერ მოხერხდება, პრეზიდენტის მიერ მოწვეული რიგგარეშე სესიაც ვერ გაიხსნება.

ოპოზიციის მიერ შეთავაზებულ საკითხებს რომ საკომიტეტო მოსმენები გავლილი ჯერ არ აქვთ და ჯერ არც წამყვანი კომიტეტების დასკვნები არსებობს, ეს დღეს ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც გაიმეორა.

მისივე განმარტებით, რიგგარეშე სესიის მოწვევით ოპოზიცია ცდილობს, საკითხი ისე წარმოაჩინოს, თითქოს მუშაობა მხოლოდ თავად სურს, სხვას კი არა. „საქმე რეალობაში არის პირიქით, პირიქით, იმიტომ, რომ საპარლამენტო მუშაობა მიდის და, სამწუხაროდ, ოპოზიციის ნაწილი [უცხადებს] ბოიკოტირებას ამ სამუშაოს“, – ხაზი გაუსვა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button