Placeholder canvas
ახალი ამბები

პროკურატურამ სოსო გოგაშვილს ბრალი სამი მუხლით წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 17 ივლისს განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს, იოსებ (სოსო) გოგაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვების, შენახვა, გავრცელების და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვის მუხლებით წარუდგინა.

პროკურატურის ცნობით, 2015-2018 წლებში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობისას გოგაშვილმა სამსახურიდან პირადი მიზნებისთვის სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია და პირადი და პერსონალური მონაცემები გაიტანა და თავის საცხოვრებელ სახლში ინახავდა.

„ნაწილი ინფორმაცია იოსებ გოგაშვილის მონაწილეობით გავრცელდა საჯაროდ, რამაც მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლების დარღვევა და მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. გარდა ამისა, შეიქმნა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების საფრთხე“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ამასთან, საგამოძიებო უწყების ცნობით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილემ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ხუთი ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, საიდანაც ორი იარაღი იყო გაუფორმებელი, ხოლო სამი გაფორმებული ახლო ნათესავის სახელზე.

„იოსებ გოგაშვილის საცხოვრებელი სახლიდან, ამოღებული იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებული გრიფირებული სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული დოკუმენტაცია, პირადი და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაცია, ათეულობით ტექნიკური მოწყობილობა და უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები“, – განაცხადეს პროკურატურაში.

გოგაშვილის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე (IV), 236-ე (III) და 333-ე (I) მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სოსო გოგაშვილს სასამართლომ 18 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

„სამოქალაქო საქართველოს“ სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 18 ივლისს დაუდასტურა, რომ გოგაშვილის დაკავებისას სამართალდამცველების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333 (III, „ბ“) მუხლით დაიწყო.

თავის მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დღეს განაცხადა, რომ გოგაშვილი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დაწყებამდე სუს-ის წარმომადგენელთა კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და მისი დაკავებისას კანონით დადგენილი „პროპორციული ღონისძიებები“ გამოიყენეს.


იოსებ გოგაშვილი სამართალდამცველებმა 2022 წლის 16 ივლისს, გვიან ღამით საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მის დაკავებას წინ უძღვოდა, ხელისფლებასთან დაახლოებული ტელეწამყვანისა და მომღერლის გია გაჩეჩილაძის (უცნობის) მიერ გავრცელებული ფარული აუდიოჩანაწერის გავრცელება. ჩანაწერის აღწერის თანახმად, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ჟურნალისტები მათთვის სოსო გოგაშვილის მიერ მიწოდებული „საიდუმლო ფაილების“ გაშუქებაზე მსჯელობენ.

ამასთან, ჩანაწერის გავრცელების შემდეგ, სოსო გოგაშვილმა Facebook-ზე გამოქვეყნებულ პოსტში მმართველი ძალა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გაყალბებაში ამხილა და თქვა, რომ გაყალბების „მთლიანი სტრუქტურის“ შესახებ მტკიცებულებები „ყველა შესაბამის ორგანიზაციას“ გადასცა, ასევე „თვითმხილველები და მოწმეები „ მედიას და სხვა ორგანიზაციებს დააკავშირა.

შენიშვნა: მასალა 18 ივლისს, 17:40 სთ-ზე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სუს-ის განცხადებების შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button