ახალი ამბები

რესპუბლიკური პარტიის წევრებზე თავდამსხმელი გირაოთი გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ „სამოქალაქო საქართველოს“ 14 ივლისს დაუდასტურა, რომ რესპუბლიკური პარტიის წევრებზე – დეპუტატ ხათუნა სამძნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდამსხმელი, ირაკლი ხომასურიძე 13 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით მისჯილი წინასწარი პატიმრობიდან 1 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“ ხომასურიძის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ ხომასურიძის გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ პეტიციას ხელი 205-მა ადამიანმა მოაწერა, თუმცა სასამართლოსთვის გადამწყვეტი როლი თავად დაზარალებულთა თანხმობამ ითამაშა.

ხომასურიძის გათავისუფლებას Facebook-ზე გამოეხმაურა ხათუნა სამნიძე და დაადასტურა, რომ მათი მიზანი ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მძიმე ფორმის გამოყენება არ იყო, ამიტომაც პატიმრობის გირაოთი შეცვლას დათანხმდნენ.

„ეს, ცხადია, არ ნიშნავს იმას, რომ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მიმართ აღარ გამოვხატავთ პრეტენზიას“, – განაცხადა დეპუტატმა და დასძინა, რომ „არცერთი პროცენტით აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე პოზიციის დაფიქსირება არ გულისხმობს მათ მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების უარყოფას“.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ ის და დავით ბერძენიშვილი პროკურატურისგან მათზე მეორე თავდამსხმელის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყების ან არდაწყების შესახებ დადგენილების გამოცემასაც მოითხოვენ, რათა „შემდგომი სამართლებრივი მექანიზმი გამოვიყენოთ“.


ხათუნა სამნიძემ 6 ივნისს Facebook-ზე დაწერა, რომ რუსთაველის გამზირზე ორი მამაკაცი თავს დაესხა. მოგვიანებით, მედიასთან საუბარში მან განმარტა, რომ როდესაც იგი თანაპარტიელ დავით ბერძენიშვილთან ერთად რუსთაველის გამზირზე ფეხით მოდიოდა, მათთან ორი მამაკაცი მივიდა, საუბარი დაიწყეს და „უცებ გადავიდნენ გინებაზე, შეურაცხყოფაზე პოლიტიკური ნიშნით“. მისივე თქმით, თავდამსხმელები მათ ასევე ემუქრებოდნენ, რომ ქუჩაში მარტო, დაცვის გარეშე ვერ გაივლიდნენ, რის შემდეგაც ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდნენ.

თავის მხრივ დავით ბერძენიშვილმა თქვა, რომ თავდამსხმელებმა 1783 წელს რუსეთთან გაფორმებული ტრაქტატის გამო მათ ერეკლე მეორის მიმართ მისი ძმის, ლევან ბერძენიშვილის კრიტიკაც გაიხსენეს და უთხრეს, რომ „ჩვენს წმინდანს“ აგინებსო.

შსს-მ თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო და მიუხედავად დაზარალებულის თქმისა, რომ თავდასხმაში 2 პირი მონაწილეობდა, მხოლოდ ერთი მათგანი დააკავა. მოგვიანებით, პროკურატურამ ირაკლი ხომასურიძეს ბრალი 156 (მე-2, „ა“), ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის მუხლით შეუცვალა. სასამართლომ მას აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა 8 ივნისს შეუფარდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button