ახალი ამბები

საპარლამენტო ოპოზიცია მიმართავს პრეზიდენტს, რომ რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა მოიწვიოს

საპარლამენტო ოპოზიციური პარტიებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების ნაწილმა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს 13 ივლისს ერთობლივი განცხადებით მიმართეს, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობისთვის რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა მოიწვიოს.

თავის მხრივ, ხელმომწერები პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილსაც მოუწოდებენ „უზრუნველყოს რიგგარეშე სესიის მოსამზადებლად საჭირო პროცედურების განხორციელება, მათ შორის, საკომიტეტო მოსმენების დაჩქარებულ რეჟიმში ჩანიშვნა“.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ რიგგარეშე სესია იქნება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული რეალური ნაბიჯი. ამასთან, ეს გამოაჩენს რეალურად სურს თუ არა ხელისუფლებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მისაღებად სავალდებულო წინაპირობების შესრულება, „თუ მათი მიზანია დროის გაწელვა და რეკომენდაციების შესრულების პროცესის იმიტაცია“.

ისინი ასევე მიმართავენ მმართველი პარტიის წევრებს, უარი არ თქვამ რიგგარეშე სესიაში მონაწილეობაზე. „წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს იქნება თქვენი პოლიტიკური ლუსტრაცია და იმის პირდაპირი დემონსტრირება, რომ თქვენთვის მთავარია არა საქართველოს ეროვნული ინტერესები და ევროპაში ინტეგრაცია, არამედ საქართველოს სახელმწიფო ინტერესის დაზიანების ფასად ძალაუფლების შენარჩუნება“, – აღნიშნეს მათ.

ოპოზიციონერი დეპუტატები ასევე ხაზს უსვამენ, რომ მათ მიერ ხელისუფლებისთვის შეთავაზებულ „კონსტრუქციულ და საქმიან წინადადებაზე“ უარის შემთხვევაშიც გააგრძელებენ „ევროპული ინტეგრაციისთვის სავალდებულო რეკომენდაციების შესასრულებლად საჭირო ნაბიჯების გადადგმას“.

განცხადებას ხელს შემდეგი ოპოზიციური პარტიები აწერენ: ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; ლელო საქართველოსთვის; სტრატეგია აღმაშენებელი; საქართველოსთვის; რესპუბლიკური პარტია. ასევე დამოუკიდებელი დეპუტატები: არმაზ ახვლედიანი; შალვა შავგულიძე; თამარ ჩარკვიანი; თამარ კორძაია; სალომე სამადაშვილი; დავით ბაქრაძე.

ხელმომწერებს შორის არ არიან პარტიები – ევროპელი სოციალისტები, გირჩი და მოქალაქეები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button