Placeholder canvas
ახალი ამბები

კელი დეგნანი გმობს ჟურნალისტებზე ძალადობას

აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში მედიაგარემოს „საგანგაშო“ გაუარესების გამო და გმობს ჟურნალისტების შევიწროების, დევნისა და მათზე ძალადობის „შემაშფოთებლად“ გაზრდილ შემთხვევებს.

12 ივლისს, საქართველოს ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიისა და მედიის ადვოკატირების კოალიციასთან შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში, აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ „პასუხი უნდა აგონ მათ, ვინც ჟურნალისტებს ემუქრება და თავს ესხმის“.

აშშ-ის ელჩმა 2021 წლის 5-6 ივლისს ჟურნალისტებზე „შოკისმომგვრელი“ თავდასხმაც გაიხსენა, რა დროსაც, მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა და ძალადობის ორგანიზატორების დასჯის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„დაუსჯელნი არ უნდა დარჩნენ ისინი, ვინც ჟურნალისტებზე თავდასხმით საქართველოს დემოკრატიას საფრთხეს უქმნიან – მიუხედავად მათი პოლიტიკური შეხედულებისა. თავისუფალი და დამოუკიდებელი პრესა ნამდვილი დემოკრატიული საზოგადოების კრიტერიუმია“, – განაცხადა ელჩმა დეგნანმა.

აღნიშნა რა, რომ „დაუსჯელობა შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ძალადობა მისაღებია, ძალადობა კი არასდროსაა მისაღები“, ელჩმა დეგნანმა განმარტა, რომ თავისუფალი მედიაგერემოს შექმნა და ჟურნალისტების უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.

მანვე ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიებს თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია უნდა ჰქონდეთ და რომ ეთიკური მედია „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ძალაუფლების მქონე პირთა ანგარიშვალდებულებისთვის“.

„აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს ქარტიის ძალისხმევას, დაეხმაროს ჟურნალისტებს საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები და საკითხები გააშუქონ სამართლიანად, დაბალანსებულად და ეთიკურად“, – თქვა კელი დეგნანმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button