„TV მონიტორინგის“ გადამღები ჯგუფი ამბობს, რომ თავს დაესხნენ

რეგიონული ტელევიზია „TV მონიტორინგის“ ინფორმაციით, 5 ივლისს, მათ ჟურნალისტს, შოთიკო სადაღაშვილსა და ოპერატორს, თორნიკე გელიტაშვილს ქარელის მუნიციპალიტეტში თავს ულტრამემარჯვენე პარტია კონსერვატიული მოძრაობის „მთვრალი წევრები და მხარდამჭერები“ თავს დაესხნენ.

„TV მონიტორინგის“ წამყვანის თქმით, სავარაუდო თავდამსხმელები მის კოლეგებს „პასუხს იმის გამოც სთხოვდ[ნენ], რომ [მათ] ტელევიზიას დასავლური კურსი აქვს აღებული და მათი მხრიდან გავრცელებულ დეზინფორმაციას ეწინააღმდეგება“.

თავად ჟურნალისტის, შოთიკო სადაღაშვილის მონაყოლით, ისინი აუზის მიმდებარე ტერიტორიას იღებდნენ, როდესაც მათ ერთ-ერთი თავდამსხმელი მიუახლოვდა და უთხრა, რომ მათ ამ ტერიტორიაზე გადაღების უფლება არ ჰქონდათ, თუმცა მიზეზები არ განუმარტავთ. „ისინი ვერც განგვიმარტავდნენ მიზეზებს, იმიტომ, რომ ჩვენ იქ გადაღების უფლება გვქონდა“.

მისივე თქმით, ამის შემდეგ, მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. „ცდილობდნენ, რომ ჩვენი ოპერატორისთვის გამოეგლიჯათ კამერა და დაეზიანებინათ ტელევიზიის კუთვნილი ტექნიკა და… მიკროფონი“, – განაცხადა მან.

„TV მონიტორინგის“ მიერ გავრცელებულ კადრებში ისმის სავარაუდო თავდამსხმელების ანტიევროპული განცხადებები და შეურაცხმყოფელი სიტყვები გადამღები ჯგუფის მისამართით.

მომხდარზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (I) მუხლით დაიწყო, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს და სასჯელის მაქსიმალურ ზომად 6-თვიდან 2-წლამდე შინაპატიმრობას ითვალისწინებს.

შემთხვევა 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე ჰომოფობიური თავდასხმიდან ერთი წლის თავზე მოხდა. გასულ წელს, თბილისში, იმავე ჯგუფების მიერ ლგბტ+ თემის მხარდამჭერი ორგანიზაცია „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციისას მედიის 50-ზე მეტი წარმომადგენელი დაშავდა.

არასამთავრობოების გამოხმაურება

„TV მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას მედიის თემებზე მომუშავე არასამთავრობოთა გაერთიანება „მედიის ადვოკატირების კოალიცია“ გამოეხმაურა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს „სწრაფი და ეფექტიანი“ გამოძიებისკენ მოუწოდა.

კოალიციამ შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა, „გაატაროს პრევენციული ზომები მედიის წარმომადგენლებზე გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად“.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ თქმით, „TV მონიტორინგის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე ძალადობა „კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ქვეყანაში მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო გარემოს არარსებობას ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან არასათანადო რეაგირება განაპირობებს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version