ახალი ამბები

საქართველო რელიგიის თავისუფლების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის ანგარიშში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 3 ივნისს 2021 წელს მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიური ანგარიში რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ასევე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რელიგიური ჯგუფების წუხილებსაც მიმოიხილავს.

დანაშაულები, კონფლიქტი, რიტორიკა 

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა რელიგიური მოტივით ჩადენილი 13 დანაშაული გამოიძია. 2020 წელს ამ ტიპის გამოძიებული დანაშაულების რაოდენობა 22, ხოლო 2019 წელს – 44 იყო. დოკუმენტის თანახმად, დანაშაულები მოიცავდა ძალადობას, ოჯახურ ძალადობას, დევნას, მუქარას და ქონების დაზიანება/განადგურებას.

დოკუმენტი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა რელიგიური მოტივით ჩადენილი დანაშაულების ან რელიგიური დისკრიმინაციის თაობაზე ექვსი საჩივარი მიიღო, რაც 2020 წელთან შედარებით ერთით ნაკლებია.

სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, პროკურატურამ საქმე, საერთო ჯამში, ხუთი პირის წინააღმდეგ აღძრა რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე. 2021 წლის ბოლოსთვის, ყველა საქმე განხილვის პროცესში იმყოფებოდა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრზე დაყრდნობით სახელმწიფო დეპარტამენტი იტყობინება, რომ 2021 წლის იანვარში მუსლიმებმა გურიის რეგიონის სოფელ ბუკნარიდან და ახლომდებარე დასახლებებიდან აქციები გამართეს მას შემდეგ, რაც ქრისტიანების ჯგუფი ორ მოზარდ მუსლიმ ბიჭს თავს დაესხა, როდესაც ისინი „კერძო სახლში განთავსებულ სალოცავში მიდიოდნენ ან უკან ბრუნდებოდნენ“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ აქციებს მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

„პოლიცია ჩაერია და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ზაზა ვაშაყმაძემ განაცხადა, რომ მუსლიმი თემის უფლებები დაცულია, თუმცა ამ განცხადებას ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია და მუსლიმი თემის წარმომადგენელი ეჭვქვეშ აყენებს“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე საუბარია ქვემო ქართლის რეგიონის სოფელ დმანისში 2021 წლის მაისში მომხდარ არეულობაზე, სადაც სოფლის ქრისტიანი მაცხოვრებლები ეთნიკურ აზერბაიჯანელ მუსლიმებს დაუპირისპირდნენ მას შემდეგ, რაც ეთნიკურმა აზერბაიჯანელმა მაღაზიის მფლობელმა ადგილობრივ ქრისტიან მაცხოვრებლებს ალკოჰოლის ნისიად მიყიდვაზე უარი უთხრა.

„მონაწილეები ძალადობაზე საუბრობდნენ როგორც ეთნიკური, ისე რელიგიური მოტივით“, – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციასაც ეყრდნობა, რომელმაც ადგილობრივ მედიაში რელიგიურად არაშემწყნარებლური განცხადებების 117 შემთხვევა აღრიცხა, მათ შორის „პოლიტიკოსების, სასულიერო პირებისა და მედიის წარმომადგენლების“ მხრიდან. 2020 წელს, მხოლოდ 30 ასეთი შემთხვევა გამოვლინდა. არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ ტიპის განცხადებების მატება ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ დაფუძნებას დაუკავშირა.

რელიგიურ ჯგუფებზე სავარაუდო მასობრივი თვალთვალი 

სახელმწიფო დეპარტამენტი 2021 წლის სექტემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებსაც შეეხო, რომლებიც სასულიერო პირებზე, სავარაუდოდ, განხორციელებული თვალთვალის შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას შეიცავს.

მაშინ როცა მთავრობამ დოკუმენტების ნამდვილობა უარყო, „ზოგიერთი რელიგიური მოღვაწე, ჟურნალისტი და სხვა პირი ადასტურებდა, რომ თვალთვალი უარყოფითად აისახა რელიგიურ თავისუფლებაზე, რადგან გამართლდა მათი ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რელიგიური ჯგუფების საქმიანობას უთვალთვალებდა“, ნათქვამია დოკუმენტში.

5 ივლისის ჰომოფობიური დარბევა 

ანგარიშში ნათქვამია, რომ 3 000-მდე ულტრამემარჯვენე აქტივისტს შორის, რომლებიც 5 ივლისის ჰომოფობიური დარბევის დროს ჟურნალისტებს დაესხნენ თავს, „თბილისი პრაიდის“ ოფისი დაარბიეს და მათი დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში შეიჭრნენ, მართლმადიდებელი სასულიერო პირებიც იყვნენ.

დოკუმენტის თანახმად, ზოგიერთმა სასულიერო პირმა საქართველოს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოსა და თბილისის სინაგოგაზე ზეწოლაში დაადანაშაულა, რათა მათ 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაგეგმილი „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ განცხადებები გაეკეთებინათ. ძალადობის ფონზე, მარში ჩატარების გეგმა გაუქმდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის „განსაკუთრებული პრივილეგიები“, რელიგიური უმცირესობების წუხილები

ანგარიში აღნიშნავს, რომ კანონმდებლობა და პოლიტიკა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კვლავ „განსაკუთრებულ პრივილეგიებს“ ანიჭებს და ხაზს უსვამს, რომ კოვიდ-19-ის კომენდანტის საათი, სხვებისგან განსხვავებით, მართლმადიდებლურ დღესასწაულებს არ შეხებია.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ პარლამენტმა არც გააუქმა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის მინიჭებული საგადასახადო და ქონების პრივილეგიები, არც სხვა რელიგიურ ჯგუფებს მიანიჭა მსგავსი პრივილეგიები მიუხედავად იმისა, რომ 2018 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ ხელისუფლებას წლის ბოლომდე კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა დაავალა.

ანგარიშის თანახმად, 2021 წელს მთავრობამ საქართველოში იეჰოვას მოწმეთა ქრისტიანული ორგანიზაციის იურიდიულ პირად რეგისტრაციის საკითხი დაამტკიცა, თუმცა სხვა ქრისტიანული ჯგუფების მიერ წარდგენილი ექვსი განაცხადი არ დააკმაყოფილა.

სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მუსლიმი თემი კვლავ გამოხატავს წუხილს მეჩეთების მშენებლობის თაობაზე მთავრობის გადაწყვეტილებებში „გამჭირვალობის ნაკლებობის“ გამო.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის აპრილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილება, რომელმაც დაადგინა, რომ ბათუმის მერიამ მეჩეთის მშენებლობაზე უარის თქმით მუსლიმი თემის დისკრიმინაცია მოახდინა.

რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები 

სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, ფარულად მხარი დაუჭირა „სეპარატისტული ეკლესიების ავტოკეფალიურ ამბიციებს“.

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ცხინვალის რეგიონის ხელისუფლება ზეწოლას ახდენს მართლმადიდებელ ეკლესიებზე, რომ რუსულ ეკლესიას შეუერთდნენ, ნათქვამია ანგარიშში.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ხელისუფლებამ ქართული ეკლესიის რელიგიური მსახურება უკანონოდ გამოაცხადა, თუმცა დაუშვა მათი ჩატარება, ნათქვამია ანგარიშში, რომელიც დასძენს, რომ აფხაზეთის ლიდერებმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მსახურებს რეგიონში შესვლა აუკრძალეს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოდ ხუთი სასულიერო პირი და ერთი ეკლესია ფუნქციონირებს.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშზე დაყრდნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომაფხაზეთის ქართული მრევლი დისკრიმინაციას განიცდიდა, ვინაიდან ენგურის გამშვები პუნქტის ჩაკეტვის გამო ვერ ახერხებდა დანარჩენ საქართველოში გადმოსვლას, შობის ან აღდგომის აღსანიშნავად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button