ახალი ამბები

თბილისში „ღირსების მარში“ არ ჩატარდება, თუმცა პრაიდის კვირეული გაიმართება

ლგბტ+ პირთა უფლებადამცველმა ადგილობრივმა ორგანიზაცია „თბილისი პრაიდმა“ განაცხადა, რომ „ღირსების მარში“ არ ჩატარდება, თუმცა 28 ივნისიდან 2 ივლისამდე პრაიდის კვირეული გაიმართება.

„წელს ჩვენ არ გაგვაჩნია არავითარი სივრცე და შესაძლებლობა ღირსების მარშის ჩასატარებლად“, – განაცხადა „თბილისი პრაიდმა“ 31 მაისს. „ვრჩებით ერთადერთ ჯგუფად, რომელსაც, ფაქტობრივად, ჩამორთმეული აქვს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება“.

ორგანიზაციამ გასულის წლის „უმძიმესი გამოცდილება“ გაიხსენა, როდესაც მან 2021 წლის 5 ივლისს დაგეგმილი მარში სახელმწიფოს მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო გააუქმა.

„თბილისი პრაიდმა“ განაცხადა, რომ ჰომოფობიურმა თავდასხმებმა „სრულად გააშიშვლა უმოქმედო, მოძალადე, თანაგრძნობისგან დაცლილი სისტემა, რომელიც უარს ამბობს მოქალაქეების უფლებების დაცვაზე, საზოგადოებრივი ცხოვრებიდან და საჯარო სივრციდან რიყავს ლგბტქ ადამიანებს“.

„ჩვენ კვლავ გვყავს ხელისუფლება, რომელიც ახალისებს ქუჩებში მოთარეშე ძალადობრივ ჯგუფებს, არ სჯის ძალადობის მთავარ შემოქმედებს და არ აღიარებს მოქალაქეთა თანასწორობას“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

ორგანიზაციამ ასევე აღნიშნა, რომ ლგბტ თემი კვლავაც დგას უმწვავესი პრობლემების წინაშე, როგორებიცაა – განათლებაზე, დასაქმებაზე, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, უსახლკარობა, გენდერის სამართლებრივი არაღიარება. თუმცა, „გვწამს, რომ ჩვენი დაუღალავი ბრძოლითა და თანადგომით ამ რეალობას აუცილებლად შევცვლით“.

„ჩვენ გვარწმუნებენ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჩვენი წინააღმდეგია, თუმცა ფაქტები ცხადყოფს, რომ მიმღებლობა ლგბტქ ადამიანების მიმართ საგრძნობლად იზრდება. სწორედ ეს გვაძლევს იმედს, რომ ჩვენს ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი“, – ხაზი გაუსვა „თბილისი პრაიდმა“.

კვირეული სამი ძირითადი ღონისძიებისგან შედგება, მათ შორისაა – ახალი ქართული ქვიარ ფილმის ჩვენება ჰომოფობიის, ბრძოლისა და გადარჩენის შესახებ; რეგიონული კონფერენცია, სადაც შეიკრიბებიან ლგბტქ აქტივისტები საქართველოდან, უკრაინიდან, მოლდოვიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და ბელარუსიდან; „გრანდიოზული პრაიდფესტივალი“, რომელიც ადგილობრივ და საერთაშორისო არტისტებს გააერთიანებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button