ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დიდი ჰესები სახელმწიფომ უნდა ააშენოს

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში დიდ ჰესებს სახელმწიფო/მთავრობა უნდა აშენებდეს.

„ამის რესურსები აქვს სახელმწიფოს. მე უკვე დავალება მაქვს მიცემული ეკონომიკის მინისტრისთვის. მთელი ეკონომიკური გუნდი მუშაობს ამ მიმართულებით“, – განაცხადა მან.

ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა, დასავლეთ საქართველოში, ქუთაისში ვიზიტისას განაცხადა, რომლის სიახლოვესაც, რამდენიმე თვის წინ, „ნამახვანსესის“ საწინააღმდეგო მასობრივი საპროტესტო აქციები იმართებოდა.

„მე განვიხილავ, რომ დიდი ჰესები, მათ შორის, ნამახვანი, ნენსკრა, ხუდონიც მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელდეს, რომ ეს ჩვენი ხალხის და სახელმწიფოსი იყოს და არა კერძო ინვესტორების“, – უთხრა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

„ჩვენ წლიდან წლამდე უფრო მეტ ელექტროენერგიას ვყიდულობთ. შემოგვაქვს აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან და ეს პრობლემაა“, – განაცხადა მან.

„მე კერძო ინვესტორებს მაქსიმალურად ხელს შევუწყობ და ვეხმარებით, მაგრამ ისეთი ჰესი, როგორიც არის ენგური, ეს ჰესი რომ არ იყოს, ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა პრობლემა იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ენერგოსისტემისთვის.“, – დასძინა პრემიერმა.

„ნამახვანჰესის“ აწ უკვე ყოფილ მშენებელ კომპანია „ენკასთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას, ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ შედეგების შესახებ ინფორმაციას მოსახლეობა „ძალიან მალე“ შეიტყობს.

„იქ, [ნამახვანჰესის გარშემო], რაღაც კითხვები არსებობდა’, – ხაზი გაუსვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ ნამახვანჰესის სადავო პროექტის შემდეგ მოექცა, რომელიც მდინარე რიონზე 333 მეგავატის სიმძლავრის ქვემო ნამახვანის ჰესსა და 100 მეგავატის სიმძლავრის ზემო ნამახვანის ჰესს მოიცავს.

გასულ წელს, ადგილობრივების პროტესტი, რომელიც გარემოსა და ადგილობრივთა ცხოვრებაზე პროექტის მძიმე და საზიანო გავლენას ეხებოდა, თანდათან მასობრივ აქციებში გადაიზარდა, მათ შორის, დედაქალაქში.

ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება მას შემდეგ მოექცა აქციის მონაწილეთა ყურადღების ცენტრში, რაც ის საჯარო გახდა. აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ის „კაბალური“ და „ანტისახელმწიფოებრივი“ დებულებების გამო გააკრიტიკეს.

თავის მხრივ, საქართველოს მთავრობაში ხაზს უსვამდნენ პროექტის განხორციელებით საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების, ასევე 1 600-მდე ქართველის დასაქმებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციის სახით 800 მლნ აშშ დოლარის მიღების მნიშვნელობას.

მას შემდეგ, რაც ENKA Renewables-ის დამფუძნებელმა კომპანია ENKA Insaat-მა 2021 წლის 20 სექტემბერს განაცხადა, რომ „ნამახვანჰესის“ მშენებლობაზე დადებულ კონტრაქტს წყვეტს, საქართველოს მთავრობას ინვესტორთან მოლაპარაკებები ჰქონდა.

მიმდინარე წლის მარტის ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ „ენკამ“ „ნამახვანჰესის“ მშენებლობის შესახებ საქართველოს მთავრობასთან დადებული კონტრაქტი საბოლოოდ გაწყვიტა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button