ახალი ამბები

საქართველო ევროკავშირის წევრობის კითხვარს უახლოეს ხანში მიიღებს – მედია

ბრიუსელში მომუშავე ჟურნალისტმა ჯეკ პეროკმა განაცხადა, რომ ევროკომისია გეგმავს ევროპელ ლიდერებს 24-25 ივნისის სამიტზე წარმოუდგინოს მოსაზრება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადების შესახებ.

პეროკმა თქვა, რომ ამის შესახებ ევროკავშირის შიდა მოხმარების დოკუმენტის ნახვის შემდეგ შეიტყო.

პეროკის თქმით, ევროკავშირი აპირებს მოსაზრების შემუშავება მაისში მოესწროს და ივნისის პირველ ნახევარში დამტკიცდეს, რის შემდეგაც იგი ევროპული საბჭოს სამიტს (წევრ ქვეყანათა/მთავრობათა მეთაურებს) წარედგინება განსახილველად.

ამასთან, პეროკმა თქვა, რომ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის წევრობის კითხვარებს უახლოეს მიმავალში მიიღებენ.

მისი თქმით, ერთი კითხვარი პოლიტიკურ კრიტერიუმებს შეეხება, მეორე — ეკონომიკურს, მესამე კი — რეგიონულ თანამშრომლობას.

ერთი კვირის წინ, საკითხს ბრიუსელში სტუმრად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა: „მივიღეთ დასტური, რომ ევროკავშირი ცდილობს ბიუროკრატიული პროცედურები მაქსიმალურად დაჩქარდეს – ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით საქართველოს განაცხადი უკვე გადაგზავნილ იქნა შესაბამის დეპარტამენტებში“.

„სხვა დროს, თუ პროცედურები გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, ახლა, სავარაუდოდ, ეს რამდენიმე კვირაში დასრულდება“, – დასძინა მან.

7 მარტს, საფრანგეთის მეთაურობით მოქმედმა ევროკავშირის საბჭომ განაცხადა, რომ წევრი ქვეყნების მისიათა ხელმძღვანელებმა ევროკომისიას სთხოვეს წარმოადგინოს მოსაზრება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის წევრობის განაცხადების შესახებ.

ევროკავშირის ორგანოს მხრიდან ეს პროცედურული, თუმცა სიმბოლურად მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქვეყნების გაწევრების რთულ და მრავალწლიან გზაზე.

საქართველოს ხელისუფლებას თავდაპირველად განზრახული ჰქონდა წევრობის განაცხადი ბრიუსელში 2024 წელს გაეგზავნა. თუმცა ვითარება 24 თებერვალს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დაწყებულმა ფართომასშტაბიანმა ომმა შეცვალა.

საქართველოს მთავრობამ უკრაინის მაგალითი აიღო და ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი 3 მარტს, დაჩქარებულად მოაწერა. იმავე დღეს შეიტანა წევრობის განაცხადი მოლდოვამაც.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button