ახალი ამბები

თეთრი სახლი საქართველოსთვის 2023 წელს 126 მლნ აშშ დოლარის დახმარების გამოყოფას ითხოვს 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და USAID-ს 2023 წლის ბიუჯეტში საქართველოსთვის სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით 126.275 მლნ აშშ დოლარის დახმარების გამოყოფას სთხოვს.

კერძოდ, ბიუჯეტის დასაბუთების დოკუმენტი საქართველოსთვის 88 025 000 აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს ევროპის, ევრაზიის და ცენტრალური აზიის დახმარების ფონდიდან (AEECA). შედეგად, ქვეყანა დახმარების მეორე უმსხვილესი პოტენციური მიმღები იქნება ევროპისა და ევრაზიის რეგიონში, უკრაინის შემდეგ (420 მლნ აშშ დოლარი).

უცხოური სამხედრო დაფინანსების პროგრამების ფარგლებში, საქართველოსთვის 25 მლნ აშშ დოლარის გამოყოფაა მოთხოვნილი, ნაცვლად 2021 წელს გამოყოფილი 35 მლნ აშშ დოლარისა. მიუხედავად ამ კლებისა, საქართველო მეორე უმსხვილესი მიმღებია უკრაინის შემდეგ (165 მლნ აშშ დოლარი). ლიეტუვისთვის, ლატვიისა და ესტონეთისთვის გათვალისწინებული დაფინანსება თითოეულისთვის 9.75 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.

საქართველო ასევე მიიღებს 1.75 მლნ აშშ დოლარს სამხედრო განათლებისა და წვრთნის საერთაშორისო პროგრამების (IMET) მეშვეობით. გასულ წელს ქვეყანამ 2.2 მლნ აშშ დოლარი მიიღო.

5 მლნ აშშ დოლარს საქართველო გლობალური ჯანდაცვის პროგრამების-USAID-ის ფარგლებში მიიღებს. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველო 4.4 მლნ აშშ დოლარს მიიღებს ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო პროგრამების ფარგლებში.

1 მლნ აშშ დოლარი იარაღის გაუვრცელებლობის, ტერორიზმთან ბრძოლის, განაღმვისა და სხვა პროგრამების ფარგლებში გამოიყოფა, ხოლო 1.1 მლნ აშშ დოლარი – ჩვეულებრივი შეიარაღების განადგურებისა და ექსპორტის კონტროლის და მასთან დაკავშირებული საზღვრის უსაფრთხოების დაფინანსების ფარგლებში.

საქართველოს პრიორიტეტები 

ბიუჯეტის პროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ 2023 წლის მოთხოვნაში შენარჩუნებულია „მხარდაჭერის მაღალი დონე საქართველოს, მოლდოვის, უკრაინისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ. ამავდროულად, უზრუნველყოფილია ბელარუსი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერა და სამხრეთ კავკასიაში რეგიონული ჩართულობის გზით მშვიდობის ხელშეწყობა“.

ევროპის, ევრაზიის და ცენტრალური აზიის დახმარების ფონდიდან (AEECA) გამოყოფილი 88 მლნ აშშ დოლარი ქვეყნის „დემოკრატიზაციას, ეკონომიკურ განვითარებას, ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციასა და კრემლის საზიანო გავლენასთან დასაპირისპირებლად მედეგობის განმტკიცებას“ დაეხმარება.

დოკუმენტის თანახმად, ფინანსური სახსრები ასევე დაეხმარება სახელისუფლებო შტოთა შორის ბალანსის დამყარებას და კანონის უზენაესობის გაძლიერებას, ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევას, რომ წინ წაწიონ დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება, გააუმჯობესებს წვდომას დამოუკიდებელ, სანდო და დაბალანსებულ მედიაზე და პოლიტიკურ პლურალიზმს შეუწყობს ხელს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ დაფინანსება დაეხმარება შერიგებისკენ მიმართულ ძალისხმევას, მათ შორის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან, გაზრდის ენერგოუსაფრთხოებას და სუფთა ენერგიას განავითარებს, ასევე გააძლიერებს კიბერუსაფრთხოებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას დაეხმარება.

„გაზრდილი დაფინანსება ხელს შეუწყობს ენერგოუსაფრთხოების და კიბერუსაფრთხოების გაძლიერებას, ასევე ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და ინტეგრაციას რუსეთის მავნე გავლენისადმი მგრძნობიარე მოსახლეობისთვის“, – ნათქვამია დოკუმენტში.

რაც შეეხება სამხედრო განათლებისა და წვრთნის საერთაშორისო პროგრამების (IMET) მეშვეობით მიღებულ დაფინანსებას, მისი „პრიორიტეტული მიმღებები არიან ბულგარეთი, საქართველო, პოლონეთი, რუმინეთი, თურქეთი და უკრაინა“.

„ეს პროგრამები უზრუნველყოფს, რომ იმ ერებს, რომლებიც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მოქმედებენ, ეყოლებათ ოფიცრები, რომელთაც ესმით და აფასებენ აშშ-ის სამხედრო ძალების დოქტრინას და საოპერაციო ტაქტიკას“.

უცხოური სამხედრო დაფინანსების პროგრამების განმარტებით ბარათში ასევე ხაზგასმულია, რომ პრიორიტეტული მიმღებები არიან აღმოსავლეთ ფლანგის ქვეყნები – უკრაინა, საქართველო, ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა.

ვინაიდან რეგიონული ლანდშაფტი სწრაფად იცვლება, უსაფრთხოების სტრატეგიული პრიორიტეტები უცვლელი რჩება: რუსეთის აგრესიასა და გავლენასთან დაპირისპირება მოკავშირეებისა და პარტნიორების შესაძლებლობების გაძლიერებით, რათა მათ დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა; მათი თავდაცვის უზრუნველყოფა ნატოსა და სხვა დასავლელ ძალებთან თავსებადობის გაუმჯობესების გზით; თავდაცვის სფეროში მდგრადი რეფორმების განხორციელება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button