ახალი ამბები

ოპოზიცია მხარს უჭერს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის წარდგენას

გუშინ ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველო უკვე ამზადებს განაცხადს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელსაც ხელისუფლება ბრიუსელში 3 მარტს გააგზავნის.

ქვემოთ მმართველი გუნდის გადაწყვეტილებაზე ოპოზიციის შეფასებებია მოცემული:

ნიკა მელია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე: „ვულოცავ ქართველ ხალხს, მისმა ბრძოლამ, მისმა შემართებამ და თავისუფლების წყურვილმა შედეგი გამიოღო და გილოცავთ. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა განაცხადი გაეკეთებინა ევროკავშირის წევრობაზე, დაჩქარებული წესით, თანაც. მინდა, მივმართო დასავლურ სამყაროს, რომ ჩვენ ვეთანხმებით პრეზიდენტ ზელენსკის და დიახ, შეიძლება, ჩვენ არ გვყავს ღირსეული მთავრობა, მაგრამ ვართ ღირსეული მებრძოლი ერი. შეიძლება, ჩვენი მთავრობა არ იმსახურებს თქვენს ლოიალურ დამოკიდებულებას, მაგრამ ჩვენ, ქართველი ხალხი ვიმსახურებთ ამას. ამიტომ, გთხოვთ სრულიად ევროპას მიიღოთ ეს განაცხადი. საქართველოს ადგილი ევროპაშია“.

გიორგი გახარია – საქართველოსთვის/ყოფილი პრემიერმინისტრი: „მივესალმებით ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთების შესახებ გადაწყვეტილებას. აუცილებელია განაცხადს მოჰყვეს ქმედითი ნაბიჯები ხელისუფლების მხრიდან პროცესის სწრაფად და ეფექტიანად წარმართვის მიზნით. ვთავაზობთ, საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხში მაქსიმალურ მხარდაჭერას და მოვუწოდებთ, ყველა პოლიტიკურ აქტორს, როგორც ხელისუფლებიდან, ისე ოპოზიციიდან – გვერდით გადავდოთ მსჯელობა იმაზე, თუ ვინ რა წვლილი შეიტანა აღნიშნულ პროცესში, გავერთიანდეთ იდეის ირგვლივ და სწრაფად და ეფექტიანად მივიყვანოთ პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე. მადლობა საქართველოს მოქალაქეებს, პროცესში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“.

მამუკა ხაზარაძე – ლელო საქართველოსთვის: „ჩვენი ახალგაზრდების მტკიცე პროტესტის შედეგად ხელისუფლებას ევროკავშირში საქართველოს წევრობაზე განაცხადი შეაქვს. პროტესტი უნდა გაგრძელდეს – ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ განაცხადი განაცხადად არ დარჩეს“.

ელენე ხოშტარია – დროა: „საქართველოს მოქალაქეების პროტესტმა შედეგი გამოიღო – მმართველ  პარტიას, რომელიც, ჯერ კიდევ გუშინ, გვეუბნებოდა, რომ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს 2024 წლამდე არ შეიტანდა, მოუწია უკან დახევა. დღეს “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, განაცხადს  ოფიციალურად 3 მარტს წარადგენს. ევროკავშირის წევრობას სჭირდება ევროპული ფასეულებების დასაცავად და რუსეთის წინააღმდეგ მისი პოლიტიკის მხარაჭერა და  განხორციელება. პოლიტიკური პარტია “დროა” მიიჩნევს, რომ ამ პროცესის წარმატება დამოკიდებულია ეროვნულ თანხმობაზე, დემოკრატიულ და ინსტიტუციურ  მმართველობაზე, სასამართლო სისტემის რეფორმაზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი ამ მიზნისკენ“.

გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი: „ჩვენმა ერთობლივმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო! მთავრობა დაგვთანხმდა და დაჩქარებული წესით ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს ამზადებს. მადლობა ყველას, ვინც ამაში წვლილი შეიტანა. მადლობა ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებიც ბოლო დღეებია ქუჩაში დგანან. მადლობა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც პეტიციებს და მოთხოვნებს ხელს აწერდნენ, ჩვენს ემიგრანტებს, რომლებმაც დამატებითი ხიდები შეკრეს დასავლეთთან. ყველა თაობის დიპლომატს, რომელიც ამყარებდნენ ევროპასთან კონტაქტებს. მადლობა ჩვენს გმირ წინაპრებს, რომლებმაც სისხლით და შრომით შეგვინარჩუნეს ქვეყანა. ევროპული ოჯახის წევრობა არის საქართველოს მრავალსაუკუნოვანი მისწრაფება. ჩვენი ისტორიითა და კულტურით არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ვართ დასავლური ცივილიზაციის და თავისუფალი სამყაროს ნაწილი“.

ალეკო ელისაშვილი  – მოქალაქეები: „სრული მხარდაჭერა ევროკავშირში საქართველოს დაჩქარებული გაწევრიანების განაცხადს!! ჩვენ ვიმსახურებთ იმ ოჯახში, იმ ცივილიზაციაში დაბრუნებას რომლის ერთ-ერთი შემოქმედები და მისი ღირებულებების საუკუნეობრივი მცველები ვართ“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button