ახალი ამბები

NDI-ს ანგარიში ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ 

აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) 14 დეკემბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, საარჩევნო გარემოს ღრმა ხარვეზებმა პროცესზე უარყოფითი გავლენა მოახდინა, რის შედეგადაც, „პოლარიზაციის შემცირებისა და პოლიტიკური პროცესის მიმართ ფართო საზოგადოებრივი ნდობის გაზრდის შესაძლებლობა ხელიდან იქნა გაშვებული“.

კამპანიის გარემო, ფინანსები

აღნიშნეს რა გაუმჯობესება საარჩევნო გამჭირვალობაში, NDI-ს დამკვირვებლებმა ხაზი გაუსვეს, რომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ხმების მოსყიდვისა და ამომრჩევლებსა, კანდიდატებსა და ჟურნალისტებზე ზეწოლისა და მათი დაშინების შესახებ ფართოდ გავრცელებულმა ბრალდებებმა პროცესი დააზიანა.

მათი თქმით, კანდიდატებზე, მხარდამჭერებსა და ამომრჩევლებზე ზეწოლაში განსაკუთრებით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს ადანაშაულებდნენ, რაც შეშფოთების საგანს წარმოადგენს, რადგან „საფრთხე ექმნება საქართველოს მოქალაქეების მიერ საარჩევნო პროცესებში თავისუფლად, სამაგიეროს გადახდის შიშის გარეშე მონაწილეობას“.

„დამატებით, გავრცელდა ბრალდებები ოპოზიციური პარტიების წევრებისა და კანდიდატების შევიწროებისა და დაშინების შესახებ“, – ნათქვამია ანგარიშში, რომლის თანახმადაც, 14 პროპორციული სიისა და პროპორციული სიის 600-ზე მეტი კანდიდატის რეგისტრაცია, დამატებით კი – 100-ზე მეტი მაჟორიტარობისა და სამი მერობის კანდიდატის რეგისტრაცია გაუქმდა. მათგან მმართველი პარტიის კანდიდატი არცერთი იყო.

დამკვირვებლებმა ასევე აღნიშნეს, რომ დიდმა უთანასწორობამ რესურსების ხელმისაწვდომობაში, მმართველი პარტიის თანამდებობრივი უფლებამოსილების უპირატესობებთან ერთად, არათანაბარი კონკურენციის გარემო შექმნა. ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის არსებული სამართლებრივი ნორმები პოტენციურად სერიოზული ან სისტემური დარღვევების გამოსავლენად არასაკმარისი აღმოჩნდა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ხელისუფლების ძირითადი საარჩევნო გზავნილები ხელისუფლების მიღწევებზე და სამომავლო ინვესტიციებსა თუ სოციალური დახმარების პროგრამებზე იყო ორიენტირებული, სადაც, ხშირ შემთხვევაში, „პარტიასა და სახელმწიფოს შორის ზღვარი ბუნდოვანი ხდებოდა“.

პოლიტიკური გარემო

„საარჩევნო პერიოდში ზოგადი პოლიტიკური გარემო პოლარიზებული რიტორიკით და კონკურენტული ნარატივით ხასიათდებოდა, საკითხებზე ორიენტირებულ დისკუსიებს კი მცირე დრო ეთმობოდა“, – ნათქვამია ანგარიშში.

მაშინ, როდესაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და სხვა ოპოზიციური პარტიები ამომრჩევლების მობილიზებას ადგილობრივი არჩევნების რეფერენდუმად წარმოჩენით შეეცადნენ და ყურადღებას საარჩევნო კამპანიის დროს 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ 43%-იან ბარიერზე ამახვილებდნენ, ქართული ოცნება ამტკიცებდა, რომ ოპოზიცია საარჩევნო პროცესის ხელის შეშლითა და სახელმწიფოს პოლიტიკურ კრიზისში შეყვანით იყო დაკავებული.

დამკვირვებლების თქმით, საზოგადოების სკეპტიციზმზე პასუხისმგებლობა სრულიად პოლიტიკურ სპექტრს ეკისრება, რადგან, „როგორც ჩანს, საზოგადოების საჭიროებები პარტიულ ინტერესებს შეეწირა“.

ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და 1 ოქტომბერს მისი დაპატიმრების თემები „ორივე ტურის პოლიტიკურ დისკუსიებში დომინირებდა“. „აღნიშნულმა მოვლენებმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერების მობილიზებას შეუწყო ხელი და ფართოდ გავრცელებული აღქმების მიხედვით, გავლენა მოახდინა არჩევნებზე გამოცხადებულ ამომრჩეველთა რაოდენობაზე და არჩევნების შედეგებზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

მედიაგარემო

დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ მართალია, საქართველოში მედიაგარემო პლურალიზმითა და მოსაზრებების მრავალფეროვნებით ხასიათდება, ის ქვეყნის პოლიტიკური ლანდშაფტის ღრმა პოლარიზაციას ირეკლავს.

„პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია გარემო ამომრჩეველს ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას უზღუდავდა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

დამკვირვებლებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ პირველი და მეორე ტურების დროს, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი მედიის რამდენიმე ჟურნალისტს თავს დაესხნენ და დაემუქრნენ.

წინასაარჩევნო რეკლამის გავრცელების აკრძალვის თაობაზე ქართული ოცნების მიერ მომზადებული კანონპროექტის შესახებ საუბრისას, დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ კამპანიების დროს სიტყვის თავისუფლების რეგულირება „სახიფათო პრეცედენტს“ ქმნის.

ხმების დათვლა, გადათვლა, საჩივრები

ანგარიშში ნათქვამია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები ბევრ ფორმალურ და არითმეტიკულ შეცდომასა და უზუსტობას შეიცავდა და პროპორციული ოქმების თითქმის 27%-ის შემთხვევაში ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩევლის სიაში ხელმოწერების რაოდენობისგან განსხვავდებოდა. „მთლიანობაში, საოლქო საარჩევნო კომისიებმა 812 საარჩევნო უბნის შედეგები გადათვალეს, რაც საერთო რაოდენობის 22 პროცენტი და ასევე „უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია“.

მეორე ტურების შემდეგ ხმების გადათვლასთან დაკავშირებით, დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ ჯამში 274 საუბნო საარჩევნო კომისიაში ხმების ხელახალმა დათვლამ „მხოლოდ მცირე ცვლილებები გამოავლინა, რამაც საერთო შედეგებზე გავლენა არ მოახდინა“. თუმცა, დოკუმენტის თანახმად, სამოქალაქო საზოგადოებამ შეშფოთება იმის გამო გამოთქვა, რომ ზოგიერთი ბიულეტენი არასწორად ან განზრახ გაბათილდა.

რაც შეეხება საჩივრებს, დამკვირვებლებმა აღნიშნეს, რომ პროცედურულ საფუძვლებზე საჩივრების დაუშვებლობის პროცენტულმა მაჩვენებელმა წინა არჩევნებთან შედარებით იკლო, თუმცა ეს მაჩვენებელი მაინც მაღალი რჩება. ანგარიშის თანახმად, ჯამში წარდგენილი 2 967 საჩივრიდან, დაახლოებით 66% არ დაკმაყოფილდა, 14.6% ტექნიკური მიზეზების გამო განუხილველი დარჩა, ხოლო 9.4% სრულად და თითქმის 8.3% ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საჩივრების 1.7% უკან გაითხოვეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button