ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი კიევში უკრაინის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა 

უკრაინაში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის ხელმძღვანელ პირებს, მათ შორის, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს და ვერხოვნა რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს შეხვდა.

22 აგვისტოს პრეზიდენტ ზელენსკისთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, უსაფრთხოების გამოწვევებზე, კერძოდ შავი ზღვის რეგიონში, ასევე საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ 2021 წლის მაისში ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში შექმნილი ასოცირებული ტრიოს ფორმატში არსებული თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორმა ლიდერმა სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების თაობაზე უკრაინა-საქართველოს დიალოგის „მაღალ დინამიკას“ გაუსვეს ხაზი და შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის 2019 წელს ჩამოყალიბებული ორმხრივი ფორმატის – მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს – პირველი შეხვედრა გამართონ.

პრეზიდენტი ზელენსკი მიესალმა საქართველოს ძლიერ მხარდაჭერას ყირიმის პლატფორმის მიმართ და მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერს დამფუძნებელ სამიტში მონაწილეობისთვის, რომელსაც 40-ზე მეტი ქვეყნისა და ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.

მხარეებმა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ ორმხრივი მხარდაჭერა გამოხატეს.

კიევში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ კოლეგას, დენის შმიგალსაც შეხვდა, რომელმაც ღარიბაშვილს ერთი დღით ადრე, ლვოვში ჩასვლისას უმასპინძლა.

„დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი კოლეგის – საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი შესაძლებლობას მოგვცემს, რომ იმ პრაქტიკულ ნაბიჯებზე ვიმსჯელოთ, რომლებსაც ჩვენი ქვეყნები ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებისკენ გადადგამენ“, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

პრემიერ-მინისტრმა შმიგალმა აღნიშნა, რომ სხვა საკითხებთან ერთად, მათ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს, კერძოდ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე დიალოგში ორი ქვეყნის ჩართულობის თვალსაზრისით. უკრაინისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობაზე, რა დროსაც უკრაინის პრემიერმა ინტერესი გამოხატა „საქართველოსა და უკრაინას შორის სარკინიგზო ტრანსპორტის პოტენციალის ინტენსიური განვითარების მიმართ“. მხარეები ევროკომისიასთან შესაბამისი მიმართულებით ერთობლივი მუშაობის განაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, ასევე ორი ქვეყნის წინაშე არსებულ „იდენტურ“ პრობლემებსა და გამოწვევებს და ასოცირებული ტრიოს ფორმატზე გაამახვილა ყურადღება. „ჩვენ, სამ ქვეყანას – უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს შეგვიძლია მართლაც ბევრი წარმატების მაგალითი ვაჩვენოთ საერთაშორისო თანამეგობრობას და სწორედ „ტრიოს” ფორმატში დავუმტკიცოთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ წარმატებული სახელმწიფოები და მართლაც ვიმსახურებთ ევროკავშირისა და ნატოს წევრობას“, – განაცხადა მან.

უკრაინის ვერხოვნა რადას თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე, პოლიტიკური დიალოგის განვითარებასა და ორი ქვენის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ასევე არიან ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი. ვიზიტი თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობების დათბობის ფონზე იმართება. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა, მას შემდეგ დაიძაბა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button