ახალი ამბები

იუსტიციის სამინისტროდან გაჟონილი კრიტიკული დასკვნა „ნამახვანჰესის“ ხელშეკრულებაზე

ონლაინგამოცემა „მთის ამბებმა“ 25 მაისს განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტროს „გასაიდუმლოებული“ დასკვნა მოიპოვა, რომელიც „ნამახვანჰესის“ პროექტის ინვესტორთან საქართველოს ხელისუფლების მიერ დადებულ ხელშეკრულებაზე კრიტიკულ შენიშვნებს შეიცავს. ჰესის მოწინააღმდეგეები უკვე თვეებია ითხოვენ „ანტისახელმწიფოებრივი“ ხელშეკრულების გაუქმებას.

ხელშეკრულება „ნამახვანჰესის“ კასკადის „მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების“ თაობაზე 2019 წლის 25 აპრილს გაფორმდა და მას საქართველოს მთავრობამ და სახელმწიფო კომპანიებმა (სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“, სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ და სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“), ასევე პროექტის მთავარმა ინვესტორმა, შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიამ“ მოაწერეს ხელი. მოგვიანებით ამ უკანასკნელს სახელი გადაერქვა და „ენკა რინიუებლსი“ გახდა მას შემდეგ, რაც მისი აქციების 90% თურქულმა კონგლომერატმა ENKA Insaat ve Sanayi A.S. შეისყიდა.

გაჟონილი ოთხგვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას სახელზეა, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მაშინდელი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე აწერს ხელს და 2019 წლის 30 მარტითაა დათარიღებული, სავარაუდოდ, ხელშეკრულების ხელმოწერამდე მომზადდა და ინვესტორთან კონტრაქტის პირობების თაობაზე 22 კრიტიკულ შენიშვნას შეიცავს.

ძირითადი პუნქტები

დოკუმენტის თანახმად, ხელშეკრულების ფარგლებში „ვალდებულებათა აბსოლუტური უმრავლესობა“ ეხება საქართველოს მთავრობას და მასთან აფილირებულ კომპანიებს, ხოლო ამავე ხელშეკრულების ფარგლებში „მაქსიმალურად არის დაცული“ შპს „ქლინ ენერჯი გრუფ ჯორჯიას“ უფლებები და „შეზღუდულია მისი პასუხისმგებლობა და ვალდებულებები“. იუსტიციის სამინისტრო მიუთითებს, რომ ხელშეკრულება საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს კანონოთ განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად უნდა დაიდოს.

იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტის თანახმად, სახეზეა „მთავრობის ისედაც მაღალი რისკი, პროექტის არსებითი მონაწილეების მიმართ კონკრეტული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით“. დოკუმენტი შეიცავს რეკომენდაციას, რომ შეიცვალოს ფორმულირება „სრული ვალდებულების აღება“ ხელისუფლების მიერ და სანაცვლოდ დაკონკრეტდეს, რომ საქართველოს მთავრობა „თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველა ღონეს იხმარს…“ იმისათვის, რომ დაეხმაროს პროექტის განხორციელებას.

იუსტიციის სამინისტროს დასკვნის თანახმად, ის დებულება, რომელიც კომპანიის მიერ კონტრაქტის პირობების დარღვევისთვის პირგასამტეხლოს სახით მხოლოდ ჯარიმის გადახდას ითვალისწინებს, უნდა შესწორდეს, ვინაიდან სახელმწიფოს ასევე აქვს უფლება, რომ კომპანიას დამატებითი ზარალის ანაზღაურებაც მოსთხოვოს, ასეთის არსებობის შემთვევაში.

დოკუმენტის თანახმად, ხელშეკრულებაში ფორსმაჟორთან დაკავშირებული ზოგიერთი პირობა „მიზანშეუწონელია“, ვინაიდან ისინი მხარის წინააღმდეგ „დასჯის მექანიზმად“ გამოიყენება, „განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ფორსმაჟორიდან გამომდინარე გარემოებების უმეტესობა, მათი წინასწარ განუსაზღვრელი ბუნებისა და მხარის ბრალის არარსებობის აღიარების მიუხედავად, მაინც მიემართება ხელშეკრულების მხოლოდ ერთ მხარეს – საქართველოს მთავრობას და ასევე წარმოადგენს მის პასუხისმგებლობას.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ხელშეკრულების მიხედვით, ცალკეული ფორსმაჟორული გარემოებები საქართველოს მთავრობას ვალდებულების შესრულებისგან არ ათავისუფლებს, მაშინ როდესაც კომპანია ასეთი ვალდებულებისგან თავისუფალია.

დოკუმენტის თანახმად, ასევე საჭიროა იმ დებულების დამატებითი შეფასება, რომელიც საქართველოს მთავრობას ავალდებულებს, რომ კომპანია ბუნებრივი რესურსების მოპოვების ლიცენზიის აღების ვალდებულებისგან გაათავისუფლოს.

დოკუმენტი შეიცავს რეკომენდაციას, რომ მოხდეს პირობების და ბუნდოვანი დებულებების შემდგომი დაზუსტება, და მოუწოდებს შესაბამის სამინისტროებს, მიზანშეწონილობის თაობაზე დამატებითი შეფასებები განხორციელონ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დროის პერიოდი, არასასოფლოსამეურნეო მიწების გადაცემა, ან კომპანიის გადასახადებისგან გათავისუფლება.

აქტივისტებისა და მმართველი პარტიის დეპუტატის რეაგირება

ხელისუფლების წარმომადგენლებს გაჟონილი დოკუმენტის შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. „სამოქალაქო საქართველო“ კომენტარისთვის იუსტიციის სამინისტროს დაუკავშირდა და პასუხი მიღებისთანავე მიემატება სტატიას.

იუსტიციის მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ, რომელიც ამჟამად ქართული ოცნების დეპუტატია, 25 მაისს განაცხადა, რომ „კონკრეტული დეტალების აღდგენა“ უჭირს, თუმცა აღნიშნა, რომ ეს არის „სტანდარტული პროცედურა, როცა მთავრობა ან რომელიმე სამინისტრო დებს რაიმე მნიშვნელოვან ხელშეკრულებას“.

„იყო პირობები, რომლებიც მოგვეჩვენა, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო მოლაპარაკების პროცესში, მაგალითად, ერთი მხარისგან ან მეორე მხარისგან დასათმობი“, – განაცხადა სარჯველაძემ და დასძინა, რომ „ეს უკვე მომლაპარაკებელ მხარეზეა დამოკიდებული და ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, ჩვენი რჩევა იყო კორექტული“.

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების ერთ-ერთმა ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა დოკუმენტზე კომენტარი თბილისში აქციაზე გამოსვლისას გააკეთა და აღნიშნა, რომ დღემდე დოკუმენტი კონფიდენციალური იყო, რადგანაც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პროექტი იუსტიციის სამინისტროს დასკვნების გათვალისწინების გარეშე განეხორციელებინა. მან კომპანიასთან „ანტისახელმწიფოებრივ“ ხელშეკრულებას „დანაშაულებრივი“ ქმედება უწოდა.

ამბის წინაისტორია

„ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტი მოიცავს ორ ჰესს მდინარე რიონზე 333 მეგავატის სიმძლავრის ქვემო ნამახვანის ჰესსა და 100 მეგავატის სიმძლავრის ზემო ნამახვანის ჰესს. ადგილობრივების პროტესტი, რომელიც გარემოსა და ადგილობრივთა ცხოვრებაზე პროექტის მძიმე და საზიანო გავლენას ეხებოდა, თანდათან მასობრივ აქციებში გადაიზარდა. პროტესტის ეპიცენტრმა ბოლო ოთხი დღეა დედაქალაქში გადმოინაცვლა.

ინვესტორთან დადებული ხელშეკრულება მას შემდეგ მოექცა აქციის მონაწილეთა ყურადღების ცენტრში, რაც ის საჯარო გახდა. აქტივისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ის „კაბალური“ და „ანტისახელმწიფოებრივი“ დებულებების გამო გააკრიტიკეს. ხელისუფლებამ არაერთხელ თქვა უარი იუსტიციისა და ფინანსთა სამინისტროების მიერ მომზადებული შეფასებების გასაჯაროებაზე. არასამთავრობო ორგანიზაციამ „სოციალური სამართლინობის ცენტრი“, რომელიც „ნამახვანჰესის“ თემასა და ინვესტორთან ხელშეკრულების საკითხზე მუშაობს, 17 მაისს განაცხადა, რომ დასკვნების გასაჯაროებაზე უარი გაასაჩივრა.

ასევე წაიკითხეთ:

„ნამახვანჰესის“ შესახებ ადრეული დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button