Placeholder canvas
ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე – 1 აგვისტო

🇪🇺 ევროკავშირს გუშინ ახალმოდური, პირადი სახის სანქციები აუკრავს პიროვნებებისა და ორგანიზაციებისათვის, რომლებიც კიბერნეტიკულ დანაშაულში ამხილეს. სიაში მოხვდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოთხი ოფიცერი და მათთან დაახლოებული “სპეციალური ტექნოლოგოების მთავარი ცენტრი” კომპანია, რომელსაც ბრალად დაედო ჰააგის ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის მონაცემთა ბაზაში უკანონო შეღწევა 2017 წელს და უკრაინის ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის მწყობრიდნ გამოყვანის მცდელობა 2015/2016 წლის ზამთარში. ევროპაში პირადი ანგარიშებისა და აქტივების გაყინვა დაემუქრება ასევე ორ ჩინელ მოქალაქესა და ერთ კომპანიას, რომელსაც ბრალად დასავლური კომპანიებიდან კომერციული საიდუმლოებების მოპარვა ბრალდება. ასევე ერთი ჩრდილო კორეული ფირმა, ჩოსუნ ინდუსტრია, რომელიც თურმე პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოში, სონი ფიქჩერსში და რამდენიმე კომპანიაში აფათურებდნენ ხელებს.

🇧🇾 მინსკში ოპოზიციური კანდიდატის, სვეტლანა ტიხანოვსკაიას მხარდასაჭერად გუშინ 60 ათასი კაცი გამოსულა ქუჩაში. არჩევნები 9 აგვისტოსაა დაგეგმილი და ალექსანდრე ლუკაშენკოს წინააღმდეგობის მზარდ ტალღასთან უწევს გამკლავება. დეტალურად ბელარუსიის არჩევნების შესახებ ჩვენს სტატიას ამ ბმულზე მიყოლით წაიკითხავთ: https://bit.ly/2BRVoJo

🇫🇷🇪🇺ევროკომისიამ როგორც იქნა დაამტკიცა ფრანგული ალსტომისა და კანადური ბომბარდიერის გაერთიანების წინადადება. ორი მწარმოებელი ზე-სწრაფი მატარებლების გამოშვებაში გააერთიანებს ძალებს. ევროკომისიამ თავდაპირველი წინადადება დაიწუნა, რადგანაც ყველა სფეროში ორი კომპანიის დაძმობილება სხვა მწარმოებლებს უთანასწორო ვითარებაში ჩააყენებსო. შედეგად, ფრანგებს მათი რეგიონული, უფრო მცირე მატარებლების მწარმოებელი ქარხნის გაყიდვა მოუწევთ, ბომბარდიერი კი იაპონურ ჰიტაჩისთან თანამშრომლობას გააგრძელებს ბრიტანეთის მატარებლების შექმნაში. გაერთიანების მიზანი ისაა, რომ ჩინურ CRRC-ს ევროპული მწარმოებლები სხვაგვარად ღირსეულ კონკურენციას ვერ უწევენ თურმე მსოფლიო ბაზარზე.

🇩🇪 გერმანია 840 მილიონ ევროს გადაინახავს იმისათვის, რომ ავიო და სამოგზაურო კომპანიებმა პანდემიის დროს გაუქმებული ანდა გადადებული არდადეგების სანაცვლო ვაუჩერების განაღდება მოახერხონ. ევროკავშირის წესებით, თუკი ფრენა ან მოგზაურობა გაუქმდა, მოქალაქეს უფლება აქვს ან ფული დაიბრუნოს, ანდა თანაზომიერი ვაუჩერი მიიღოს. პანდემიის დროს გაუქმებული მგზავრობების ღირებულება 6 მილიარდ ევროს აღემატება, მხოლოდ გერმანიაში. კომპანიები კი ცდილობენ ეს ხარჯები ვაუჩერებით დაფარონ, მაგრამ მთავრობის მხარდაჭერა სჭირდებათ, რომ 2021 წლის დეკემბრამდე მოახერხონ გაუქმებული არდადეგების გადაწევა. ევროკომისიას ყაბული უთქვამს გერმანიის ამ გეგმისათვის. ასეა, ევროპა ცხოვრების კარგად დაგეგმვა და შემთხვევითობისაგან თავის დაზღვევაა…

მსგავსი/Related

Back to top button