ახალი ამბები

სტიქია დასავლეთ საქართველოში

29 ივლისს მოსული ძლიერი წვიმისგან გამოწვეულმა წყალდიდობამ დასავლეთ საქართველო მნიშვნელოვნად დააზარალა.

სტიქიის შედეგად, ყველაზე მეტად რაჭა დაზარალდა. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის რწმუნებულის არჩილ ჯაფარიძის ინფორმაციით, უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე რიონმა გზები და ხიდები დააზიანა, რის გამოც ონის რაიონის რამდენიმე სოფელი და 2 000-მდე ადგილობრივი გარე სამყაროს მოსწყვიტა.

პირველადი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულია 10 ხიდი, 8 ადგილას ჩანგრეულია ცენტრალური გზის სავალი ნაწილი, ასევე რამდენიმე მონაკვეთი ონიდან შოვის მიმართულებით და შიდა სასოფლო გზები. აგრეთვე, მაგისტრალური ქსელის დაზიანების შედეგად, წყლის გარეშე დარჩა 400 აბონენტი.

სტიქიის ზონაში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში სოზარ სუბარი, აგრეთვე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები – ირაკლი ქარსელაძე და ილია ბეგიაშვილი და შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე იმყოფებოდნენ და შესაბამის სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობდნენ.

მოგვიანებთ, პრემიერის დავალებით, რაჭაში სტიქიის შედეგების „ოპერატიულ რეჟიმში ლიკვიდაციისთვის“, საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელსაც რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის გუბერნატორის მოადგილე ლევან ქვათაძე ხელმძღვანელობს.

სტიქიამ საყანე ფართობები და საკარმიდამო ნაკვეთები, აგრეთვე და ელექტროგაყვანილობები დააზიანა გურიაშიც.

სტიქიას ებრძოდნენ იმერეთშიც. ძლიერმა წვიმამ დააზარალა საჩხერის მუნიციპალიტეტი, სადაც შიდა სასოფლო გზები დაზიანდა. წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კი, რიონის ადიდების გამო რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი დაიტბორა.

ოკუპირებული ცხინვალის განცხადებით კი, უხვი ნალექის შედეგად საქართველოს რუსეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მონაკვეთი დაზიანდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button