Placeholder canvas
ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე – 29 ივლისი

🇪🇺🇫🇷 საფრანგეთის სამხრეთში ჩამალულ ერთ მიყრუებულ დაბაში, სახელად სან-პოლ-ლე-დურანსი რომ ჰქვია, მეცნიერების გუნდმა ახალი მანქანის აწყობა დაიწყო, რომელმაც შეიძლება მსოფლიოში ენერგიის წარმოება საფუძვლიანად შეცვალოს. ახალი თერმობირთვული რეაქტორი ატომურ სინთეზზე იმუშავებს და არა, როგორც ტრადიციული რეაქტორები – ხლეჩაზე – ანუ სწორედ იმ რეაქციის გამეორებას შეეცდება, რომლის ძალითაც მზე დაგვნათის თავზე. პროექტში ევროკავშირის 27 სახელმწიფო, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, ინდოეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, რუსეთი და აშშ არიან ჩართული. ამას წინათ გამართული ევროპული საბჭოს შეხვედრაზე პროექტს, რომელიც უკვე 14 წელია არსებობს, კიდევ 5 მილიარდი ევროს დაფინანსება დაუმატეს. არცაა გასაკვირი – წარმატების შემთხვევაში, მსოფლიოს შედარებით ხელმისაწყვდომი საწვავიდან – რომელიც ზღვის წყლიდან და ლითიუმისგან მიიღება – უსაფრთხოდ, ატომური ნარჩენების გარეშე შეეძლება ენერგიის მიღება.

🇵🇱 დიდი ამბავი ატყდა მას შემდეგ, რაც პოლონეთის იუსტიციის მინისტრმა (და ამავდროულად, გენპროკურორმა) ზბიგნევ ზიობრომ გასულ კვირას თქვა, ქვეყანას ქალთა უფლებების დაცვის სტამბოლის კონვენციიდან გამოვიყვანო. ამ ხელშეკრულების ძალით ქვეყნებმა ვალდებულება აიღეს, ქალთა წინააღმდეგ ძალადობა უფრო მკაცრად დასაჯონ, ყურადღება მიაქციონ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა პარტნიორების ანდა მეუღლეების მხრიდან გაუპატიურება, გააუმჯობესონ მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები და ამ საკითხებზე მოსახლეობას უკეთ და მეტად ესაუბრონ. პოლონეთი – ზიობროს პირით – ახლა ამბობს, კონვენციას “იდეოლოგიური სარჩული” უდევს, რადგანაც გენდერის სოციალურ განპირობებულობას გულისხმობსო. ზიობროსვე უთქვამს, 2015 წელს ამას რომ ხელი მოვაწერეთ, შევცდით, რადგანაც ეს კონვენცია “ფემინისტების მიერ შთაგონებული გეი იდეოლოგიის მატარებელი” დოკუმენტიაო. ევროკავშირიც და ევროსაბჭოც (რომელიც ამ კონვენციის პატრონია) პოლონეთის პოზიციას აღშფოთებით შეხვდნენ. მწარე სიტყვები ითქვა ევროპარლამენტშიც: ერთმა დეპუტატმა “საცოდავი და პატეთიკური” უწოდა პოლონეთის პოზიციას, მეორემ თქვა, ბოდიში მოგვითხოვია, მაგრამ “ძალადობას ეროვნულ ტრადიციად ვერ ჩაგითვლითო”. ამ ფონზე, გუშინ მმართველი კანონისა და სამართლიანობის პარტიის პრესმდივანს განუმარტავს, ზიობრა კოალიციის ერთ-ერთი პარტნიორია მხოლოდ, მთავრობის პოზიციას არ გამოხატავს, ჯერ უნდა მოვიფიქროთ და საკითხზე შევჯერდეთო. აღდგომა და ხვალეო… ისე კი, ევროპაში კორონავირუსის გამო სახლში გამოკეტვის კვალდაკვალ ქალთა წინააღდეგ აღრიცხული ძალადობა თურმე 60%-ით გაიზარდა, გასულ წელთან შედარებით…

🇹🇷 თურქეთის პარლამენტს ახალი კანონი მიუღია, რომლის ძალითაც სოციალური ქსელებს, რომელთაც ქვეყანაში მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავთ, დაავალდებულებენ ამ ხალხის შესახებ მონაცემები ქვეყანაშივე შეინახონ, ერთი თანამშრომელი მაინც გაამწესონ ქვეყნის შიგნითვე, მთავრობის ჩივილებზე საპასუხოდ და, თანაც, 48 საათში წაშალონ ყველაფერი, რაც მთავრობას არ მოეწონება. ასეთი კანონი თურქეთის ისედაც თავნება მთავრობას ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების შესაზღუდავ და დასაშინებელ კიდევ ერთ მძლავრ ბერკეტს აძლევსო, შფოთავენ თურქეთშიც და ევროკავშირშიც.

მსგავსი/Related

Back to top button