აჭარაში პოლიტიკური სიტუაცია გაუმჯობესდა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 29 ივლისი, N168

აჭარის საქმეები

საუბარი ჯემალ ბეგ ხიმშიაშვილთან

ტფილისში ჩამოსული ჯემალ ბეგ ხიმშიაშვილი ასეთ ნაირათ ახასიათებს აჭარის პოლიტიკურ სიტუაციას: ზემო და ქვემო აჭარაში საქართველოს ჯარების შემოსვლის შემდეგ სრული სიწყნარეა. არავითარი ექსცესები არ ყოფილა არც შესვლის დროს და არც მას შემდეგ.

ჯემალ ბეგ ხიმშიაშვილი გახლდათ პოლიტიკური მოღვაწე, ზემო აჭარის ყოფილი მმართველების შთამომავალი. 1917 წელს საქართველოს ეროვნულ ყრილობაზე წარმოადგენდა ზემო აჭარის მცხოვრებთ. თბილისში ჩამოსვლამდე ხიმშიაშვილმა მოლაპარაკებები გამართა იმჟამად აბასთუმანში მყოფ ნოე ჟორდანიასთან  – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა.    

პროვოკატორებმა ვერ მიაღწიეს მიზანს და ისინი იძულებულნი იყვნენ აჭარიდან გაქცეულიყვნენ. აჭარის პოლიტიკური პერსპექტივები ჯერ თათრებისა [ოსმალების] და შემდეგ ინგლისელების  ყოფნის დროს მეტად ბუნდოვანი იყო. ამ გაურკვეველი მდგომარეობით სარგებლობდნენ სხვა და სხვა პირები და ზოგი მათგანი აჭარლებს საქართველოს წინააღმდეგ ამხედრებდა. იყო შემთხვევები, როდესაც აჭარლებს აწოდებდნენ იარაღს საქართველოს წინააღმდეგ გასალაშქრებლად. მაგრამ აჭარლებმა იცოდენ, რომ ეს პირები იყვნენ მოსყიდულნი. ამ აგიტაციას ხელს უწყობდა „სედაი მილეთის“ კომიტეტი. ამან და სხვა მოვლენებმა გამოიწვია საქართველოს წინააღმდეგ აჭარლების ამხედრება და იარაღით გამოსვლა.

ამ ჟამად მე შემიძლია კატეგორიულათ განვაცხადო, რომ აჭარა ლოიალურად არის განწყობილი თავის მოძმე ქართველებისადმი. როდესაც გვსურთ მაშინ დავამტკიცებთ, რომ აჭარას არც წინეთ სურდა და არც ახლა სურს ავტონომია, როგორც ამას ზოგიერთი პირები მას თავს ახვევენ. ბათომში მყოფ ზოგ მუსულმან მოღვაწეთა განცხადებას აჭარის ავტონომიის შესახებ ხალხი მხარს არ უჭერს. ამგვარათ უფლება არ აქვს ხალხის სახელით ილაპარაკოს ბათომის მეჯლისმა, რომელიც დემოკრატიულ საარჩევნო სისტემით არ არის არჩეული. ბათომის მეჯლისი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გაშვებული.

აჭარას არა სურს ავტონომია და იგი საქართველოს უერთდება, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი. მაგრამ აჭარა საერთო კეთილდღეობის მიზნით ითხოვს, რომ მას მიეცეს ცხოვრების ისეთი უფლებანი, როგორც მას სურს და მისთვის საჭიროა. აჭარელთა სურვილები შემდეგია: ხალხის სარწმუნოებრივი ცხოვრების ხელშეუხებლობა, სკოლათა გახსნის უფლება. ამ სკოლებში ხალხმა უნდა ასწავლოს თავის შვილებს იმდაგვარად, და იმ ენაზე, როგორც ეს მას მოესურვება. აჭარლები თით მოითხოვენ ქართულ ენაზე სწავლებას, რადგან მათ ოჯახებში მხოლოდ და მხოლოდ ქართულ ენაზე ლაპარაკობენ.  გარდა ამისმა სასურველია თფილისში გაიხსნა უმაღლესი სამუსლიმანო სასულიერო სასწავლებელი მოლების მოსამზადებლად. სამოსამართლო საქმეები უნდა სწყდებოდეს შარიათით, აგრარული საკითხი აჭარაში უკვე გადაწყვეტილია და ამიტომ სასურველია შიგ არ იქნეს შეტანილი რაიმე სერიოზული ცვლილებები.

ჯემალ ბეგი შეეხო გარეშე საშიშროების საკითხს და განაცხადა, საქართველოზე რომ წამოვიდეს რუსეთი, სომხეთი, ინგლისი ან სხვა რომელიმე სახელმწიფო, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ მთელი აჭარა შეიარაღებული გამოვა და მტერს სასტიკათ შეებრძოლებაო.

რაც შეეხება ეკონომიურ მდგომარეობასო, განაცხადა  ჯემალ ბეგმა, უნდა ვთქვათ, რომ აჭარა ვერ არის უზრუნველყოფილი თვით პირველ საჭიროების ნივთებითაც კი, აჭარას უმთავრესად ესაჭიროება მანუფაქტურა, მოსავალი წელს, მგონი დამაკმაყოფილებელი იქნეს, კარგ მოსავალს ელიან აგრეთვე თამბაქოსას.

შემდეგ ხიმშიაშვილმა აღნიშნა, რომ საჭიროა  აჭარაში საერთო ქართული კულტურულ და პოლიტიკურ მუშაობის წარმოება. გამოგზავნეთ ჩვენში ისეთი ხალხი, როგორიც  არის მაგალითად გენერალი ჩიქოვანი, რომელიც უყვარს აჭარას და რომელმაც 1914 წელს აჭარა გადაარჩინა განადგურებასო.

Exit mobile version