ახალი ამბები

გიორგი გახარია აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ტელეფონით ესაუბრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია 27 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს ტელეფონით ესაუბრა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ოქტომბრის საპარალმენტო არჩევნების „თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე“ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ „თამაშის თანაბარი წესები დემოკრატიული არჩევნების არსებითი წინაპირობაა“.

პომპეომ საქართველოს მიერ პროპორციულთან დაახლოებულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება მოიწონა და „ახლახან მიღებული საარჩევნო რეფორმის ზედმიწევნით განხორციელების მნიშვნელობას“ გაუსვა ხაზი.

სახელმწიფო მდივანმა საქართველოს დაჟინებით მოსთხოვა „გააგრძელოს ძალისხმევა სასამართლოს დამოუკიდებლობის გასაძლიერებლად, რაც არსებითად მნიშვნელოვანია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად“. ამასთან, პომპეომ საქართველოს მთავრობა გააფრთხილა, არ დაუშვას „სასამართლო და საარჩევნო პროცესების პოლიტიზება“.

სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ „ყოველთვის დაუჭერს“ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს რუსული ოკუპაციასთან ბრძოლაში.

თავის მხრივ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი საკითხები განიხილა.

მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, „პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აშშ შორის უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე“.

ამ კონტექსტში პრემიერმა პომპეოს „რუსეთის განგრძობად აგრესიულ ქმედებებზე, კერძოდ ეთნიკური ქართველების გატაცებისა და დაკავების ფაქტებზე“ მიაწოდა ინფორმაცია.

საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე საუბრისას კი, პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო შავი ზღვის რეგიონში აშშ-ის, ნატოსა და ევროკავშირის საიმედო პარტნიორია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button