ფილოსოფოსის რვეული

სიზიფე, ამბოხი და სიცოცხლისათვის ბრძოლა

ფილოსოფიური თვალით

ავტორი: გიომ ერნერი, სოციოლოგი, რადიო “ფრანს კულტურის” რედაქტორი და არარაციონალური ქცევის სოციოლოგიის შესახებ რამდენიმე ნაშრომის ავტორია.


„უნდა შეგვეძლოს სიზიფე ბედნიერად წარმოვიდგინოთ“ – ეს ფრაზა იაპონელმა მოაზროვნემ კუკი შუზომ წარმოთქვა, სანამ მას ფრანგი ალბერ კამიუ ევროპული საზოგადოებისათვის უკვდავყოფდა. ოღონდაც, გახარებული სიზიფე მართლაც რთული წარმოსადგენია. ჰომეროსის პოემების თანახმად, სიზიფე კაცთა შორის მოხერხებულებით გამორჩეულია, უცდომელი ნაოსანი, დიდი კომერსანტი, რომელიც უყოყმანოდ ეურჩება ზევსს და მდინარის ღვთაება აზოპოსს უჩვენებს, თუ სად გადამალა ზევსმა მისი მოტაცებული ქალიშვილი, ეგინეა.

რისხვით შეპყრობილი ზევსი თანატოსს სიზიფეს მოკვლას უბრძანებს, ოღონდაც მოხერხებული სიზიფე სიკვდილის მეუფის შებოჭვას მოახერხებს. სწორედ ორგზის ურჩობით აღშფოთებულმა ზევსმა მოუძებნა სიზიფეს საუკუნო სასჯელი – მწვერვალისაკენ აგოროს ლოდი, რომელიც მისი მიღწევისთანავე უკან გორდება.

ზოგიერთის ხედვით, სიზიფეს მითი ბუნების მუდმივ და ციკლურ ცვალებადობას აღწერს – მზის მოძრაობას, ზღვის მიქცევ-მოქცევას. სხვათათვის, სიზიფე ჩვენი მოდგმის უბედურების, მისი ყოფის აბსურდულობის ალეგორიაა. სწორედ ასეთ მნიშვნელობას ანიჭებს მას კამიუც. ოღონდაც კამიუსათვის სიზიფე უპირველეს ყოვლისა მებრძოლია, რომელიც უარს ამბობს დანებდეს იმედგაცრუებას, რადგანაც ყოველი თავქვე დაგორების შემდეგ, ის თავად ირჩევს, განაგრძოს ლოდის აღმა გორება და ამით ირჩევს სიცოცხლეს, ყველაფრისდა მიუხედავად.

სწორედ ამიტომ, კამიუს თვალში სიზიფე ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ ფილოსოფიურ პრობლემას – თვითმკვლელობის საკითხს ასურათებს. სიცოცხლე ადვილი საქმე არააო, წერდა კამიუ, სიცოცხლე ხშირად აბსურდული ქცევების გამეორებას გულისხმობს, რომელთაც ყოველდღიურად ვიმეორებთ განსხვავებულ მიზეზთა გამო, რომელთანაგანაც უმთავრესი უბრალოდ ჩვევაა. არ არსებობს უსარგებლო და აბსურდულ სამუშაოზე უფრო დიდი სასჯელი: აზრს ყოვლად მოკლებული, უსასრულო საქმე. ოღონდაც, სწორედ ასეთი საქმიანობა აძლევს აზრს სიზიფეს პერსონაჟს, სწორედ ამით ეურჩება იგი ღმერთებს, ირჩევს სიცოცხლეს.

ბრძოლაა სიზიფეს ცხოვრების აზრი. ეს მითი ტრაგიკული იმიტომაა, რომ მისი გმირი აცნობიერებს სასჯელის არსს, იცის, რომ მისი ხვედრი ზევსის კაპრიზული სასჯელის საუკუნო აღსრულებაა. ამიტომაც წერს კამიუ: „სიზიფე, ღმერთების ეს პროლეტარი, ერთსა და იმავე დროს უსასოო და ამბოხებულიც, მშვენივრად ისიგრძეგანებს თავისი უბედური ყოფის არსს. სწორედ მასზე ფიქრობს ის გორაკიდან დაშვებისას, ოღონდაც, სწორედ თავისი ყოფის ცნობიერი აღქმა, რომელიც მის სატანჯველს უნდა წარმოადგენდეს, ამავე დროს, მისი გამარჯვებაცაა. სწორედ ამბოხის გამო აქვს სიზიფეს ცხოვრებას აზრი, რადგანაც მხოლოდ რაციონალური განსჯით შეუძლებელი იქნებოდა მისი ყოფის აბსურდულობისათვის მნიშვნელობის მინიჭება“. 

სასიამოვნო დღეს გისურვებთ – იმიტომ, რომ თქვენ არა ხართ სიზიფე…

ფრანგულიდან თარგმნა ჯაბა დევდარიანმა

პირველწყარო
Sisyphe ou le sens de l'absurde

მსგავსი/Related

Back to top button