ახალი ამბები

პარლამენტმა მთავრობას საგანგებოს გარეშე შეზღუდვათა დაწესების უფლება წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა

საქართველოს პარლამენტმა 14 ივლისს გამართულ რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე, 79 ხმით 1-ის წინააღმდეგ, მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების უფლებამოსილება წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა. 

მთავრობისათვის საპარლამენტო კონტროლის გარეშე საგანგებოს მსგავსი შეზღუდვების უფლების გახანგრძლივებას – რომელიც ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პერიოდსაც ფარავს – წინ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის დებატები უძღოდა. სხდომას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატები არ ესწრებოდნენ, სხვა ოპოზიციონერმა პარლამენტარებმა კი ქართული ოცნება ავტორიტარიზმის გამყარებასა და ხელისუფლების მიტაცების მცდელობაში დაადანაშაულეს. 

საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებები დღევანდელ სხდომაზე კოლეგებს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ გააცნო. მან მთავრობისთვის შესაბამისი უფლებამოსილების გახანგრძლივების აუცილებლობა კოვიდ-19-ის ეპიდემიის შესაძლო მეორე, „უფრო მძლავრი“ და „მეტი ზიანის მომტანი“ ტალღისგან მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის მოტივით ახსნა.

ხუნდაძემ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, საარჩევნო უბნებზე მოქალაქეების თავშეყრისას, ეპიდემიის გავრცელების რისკებზეც გაამახვილა ყურადღება. მანვე კანონმდებლებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზიც შეახსენა, რომლის თანახმადაც, კოვიდ-19-ის „მეორე ტალღა, შესაძლოა, იყოს გამანადგურებელი“.

ევროპული საქართველოს დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ თქვა, რომ მთავრობა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის თემით სპეკულირებს და „ძალაუფლების მიტაცებას” ცდილობს.

პარლამენტის გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურად შერაცხა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ. მისი თქმით, მთავრობაზე ზედამხედველობის ფუნქციის მოშლა პარლამენტს აკნინებს.

„ამ კანონის ინიცირებით ავნებთ სახელმწიფოს და აზიანებთ ხელისუფლების ბალანს და ცდილობთ, რომ ავტორიტარიზმი გამყარდეს“, – უთხრა ყოფილ თანაგუნდელებს მარიამ ჯაშმა.

ოცნების კიდევ ერთმა ყოფილმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ კი თქვა, რომ „ოცნებამ ცდუნებას ვერ გაუძლო“ და მთავრობას ხელში „ჭარბი ძალაუფლება“ მისცა, რაც, მისი თქმით, „ანტიკონსტიტუციური“ ნაბიჯია.

კოვიდ-19-ის შესახებ დეტალებისთვის წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button