Placeholder canvas
ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე – 13 ივლისი

🇵🇱 პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, “კანონისა და სამართლიანობის” წარმომადგენელმა ანდჟეი დუდამ იმარჯვაო, განაცხადა აქაურმა საარჩევნო კომისიამ. დუდას 51.2%-ით უმარჯვია მაშინ, როცა მის მოწინააღმდეგეს, “სამოქალაქო პლატფორმის” მიერ მხარდაჭერილ ვარშავის მერ რაფალ ტრჟასკოვსკის 49%-იანი ალაფი აუკრებია. თანამედროვე პოლონეთში პირველად ხდება, რომ პრეზიდენტს ასეთი მცირე განსხვავებით გაემარჯვოს, რაც იმაზე მეტყველებსო, შფოთავენ ჟურნალისტები, რომ ქვეყანა გვარიანადაა დაყოფილიო. მოელიან, რომ ოპოზიცია საარჩევნო უბნების ნაწილში შედეგებს გააპროტესტებს და ეგებ უმაღლეს სასამართლოსაც კი მოუწიოს საქმეში ჩარევამ.

🇪🇺 კოვიდ-19-ით დაავადებულთა ხელახალი ზრდის ტალღის ფონზე, ევროპის ქვენების ნაწილმა დაცვის ზომების გამკაცრება დაიწყო. იტალია “მაქსიმალური ყურადღებისკენ” მოუწოდებს მოქალაქეებს, უნგრეთმა სამგზავრო შეზღუდვები განაახლა მეზობლების ნაწილთან; ახალი შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა ჩეხეთში, ხორვატიაში პირბადეების ტარება კვლავ სავალდებულო გახდება ყველა დახურულ სივრცეში. ლუქსემბურგის პრემიერ ქსავიერ ბეტელს კი უთქვამს, გადავწყვიტეთ, რაც შეიძლება ბევრი ტესტი ჩავატაროთ, თორემ ევროპაში ყველაზე დაბალი ინფიცირების მაჩვენებელი თუ მინდა მქონდეს, დღესვე შევწყვიტავდი ტესტებს და ეგ იქნებოდაო…

🇪🇺 ევროკავშირის ბიუჯეტი და ეპიდემიისაგან დაზარალებული ქვეყნებისათვის დახმარების სიდიდე და რაობა და კვლავაც უმნიშვნელოვანეს თემებად რჩება. ვითარება მძიმეა და სასწრაფოდ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებაო, უთქვამს ლუქსემბურგის პრემიერ ბეტელს. მისი აზრით, დახმარება მეტად უნდა ეყრდნობოდეს ზარალის მიმდინარე ეკონომიკურ მაჩვენებლებს და პროგნოზებს. ამიტომაც, მისი თვალთახედვით, იტალიამ და ესპანეთმა მეტი ფული უნდა მიიღონ, პოლონეთმა კი – რომლის ეკონომიკაც პანდემიას, როგორც ჩანს, კარგად გადაურჩა – ნაკლები. ავსტრიის კანცლერი კურციც ამას ამბობს, დახმარება “სწორი მიმართულებით” უნდა წარვმართოთო, ოღონდ ვინძლო, იმავე ქვეყნებს არ გულისხმობდეს. აზრთა სხვაობაა კრიტერიუმებზეც: ლიბერალი ლუქსემბურგელების აზრით, დახმარების გაცემა ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის დაცვის პირობასთან უნდა იყოს გადაჯაჭვული. თუმცაღა, ყველა თანხმდება, რომ უნგრეთისა და პოლონეთის მთლად გარიყვაც არ გამოვა. მოკლედ, ამ დილემებში გატანჯული ევროპელები კვლავაც ანგელა მერკელს შეჰყურებენ ხელებში…
დიდხანს მიმუშავია მასთან, ვიცი თუ რამე ჩაიდო გულში საქმეს ბოლომდე მიიყვანს, კიდევ კარგი ამ ძნელბედობის ჟამს ევროპა სწორედ მის ხელშიაო – უთქვამს ლუქსემბურგის პრემიერ-მინისტრს.

🇧🇬 გემახსოვრებათ, შაბათს რომ ბულგარეთის ამბები მოგიყევით, რომლებშიც პოლიტიკა და მაფიის გავლენა ერთმანეთს უშნოდ გადაეხლართა. ამით აღშფოთებული ათი ათასობით მოქალაქე ქუჩებში გამოსულა და მთავრობის მეთაურისა და გენერალური პროკურორის გადადგომა მოუთხოვიათ. პრემიერ ბორისოვს შორს დაუჭერია, მე რომ წავიდე, მაშ ქვეყანა კრიზისიდან ვინ გამოიყვანოსო?! დაგვეთანხმებით, არ უჩანს ამ საქმეს ადვილად მორჩენის პირი…

მსგავსი/Related

Back to top button