Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

ბენია ჩხიკვიშვილი ბათომის ოლქის მცხოვრებთ მიმართავს

გაზ. ერთობა, 1920 წლის 13 ივლისი, N143

სამხედრო წესები ბათომში და ოლქში

თანახმად რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებისა ქალაქ ბათუმში და ოლქში სამხედრო წესები ცხადდება.

მე, რომელიც ბათომის და მისი ოლქის განსაკუთრებულ კომისრად ვარ დანიშნული, დღეიდან ჩემი მოვალეობის აღსრულებას შევუდექი. მმართველობის ყველა ორგანო ვალდებულია მე დამემორჩილოს და ყველა ჩემი განკარგულებანი სისწორით გაატაროს ცხოვრებაში.

 იმ ნაწილების უფროსებმა, რომელნიც ოლქში არიან დაბანაკებულნი, დროებით, სანამ ჩემ მიერ სათანადო ადმინისტრატიული პირები იქნებოდეს დანიშნული, ვალდებული არიან თავის თავზე მიიღონ, ან ოფიცრებს დააკისრონ მილიციის უფროსების ვალდებულების აღსრულება.

მოვუწოდებთ მშვიდობიან მცხოვრებთ თავისი საზრიანი მოქმედებით და რესპუბლიკისადმი ერთგულების გრძნობით შეამსუბუქონ ჩვენი დიდი მუშაობა და ხელი შეგვიწყონ წესიერების დამყარებაში, რათა ამგვარათ ოლქი აყვავებისა და კეთილდღეობისაკენ წავიყვანოთ. მხოლოდ ამ გზით შეიძლება სამუსლიმანო საქართველოში ავტონომიური მართველობის განხორციელება.

მე მრწამს, რომ ყოველი ქართველი მუსლიმანი თავისი მეჯლისის მეთაურობით ამ დიად საქმის განხორციელებაში ჩვენთან იქნება.

ქალაქ ბათომის და ბათომის ოლქის განსაკუთრებული კომისარი

ბენიამინ ჩხიკვიშვილი

მსგავსი/Related

Back to top button