Placeholder canvas
ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე – 9 ივლისი

🇩🇪🇪🇺კანცლერი მერკელი ევროპარლამენტს ეწვია და კომპლიმენტებად დაიღვარა თურმე – სწორედ თქვენი თანადგომა და მხარში დგომა გვჭირდება, რომ პანდემიიდან გამოსასვლელი ფინანსების განკარგვის მექანიზმზე შევთანხმდეთ და ნაგვემი ეკონომიკა გამოვაცოცხლოთო. ევროკომისია და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები ჯერაც ვერ შეთანხმდნენ დახმარების განაწილების პრინციპებზე. ის კი არა, ხელმომჭირნე ოთხეულის ლიდერის მანტიაშემოსხმულმა ჰოლანდიელმა, მარკ რუტტემ, ისიც თქვა, ნებისმიერი გრანტი (თუკი ასეთები იქნება) ევროკავშირის ყველა მთავრობის კონსენსუსით უნდა გაიცესო. ორლესული პოზიციაა – ერთი მხრივ დათმობად მოჩანს, რადგან ჰოლანდია გრანტებს აქამდე პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა. მეორე მხრივ – ასეთ პირობას სამხრეთელები არ დათანხმდებიან. სანამ ევროპული საბჭოს თავკაცი შარლ მიშელი ამ არეულობიდან რამე ხეირიანის გამოდნობას ცდილობს, ფრაუ მერკელის ნაბიჯი, ევროპარლამენტში ეძიოს დასაყრდენი, ფრიადაც გამართლებულიაო, წერენ მიმომხილველები. თან ამატებენ, მერკელი ისე არაფერს ამბობს, საბოლოო სასურველი შედეგი რომ არ ჰქონდეს დასახულიო.

🇩🇪 სასურველ შედეგზე გაგვახსენდა, რომ გერმანელ კანცლერს საგულისხმო სიტყვები უთქვამს ევროპარლამენტში: “ადამიანისა და სამოქალაქო უფლებები, პიროვნების თავისუფლება, პოლიტიკური და სოციალური წინსვლის საშუალება, დისკრიმინაციისაგან და უგულვებელყოფისგან დაცვა – თანასწორობა, რომელიც არა მხოლოდ მოთხოვნაა, არამედ რეალობა – ესაა ის ეთიკური და პოლიტიკური ფუნდამენტი, რომელსაც ევროპა ეყრდნობაო”. და დაუყოლებია, “ესაა უფლებები, რომლებიც ყველაზე ვრცელდება. არა ზოგზე მეტად და ზოგზე ნაკლებად; არა ზოგიერთზე ყოველთვის და ზოგზე ხანდახან. ეს უფლებებია.” ასეა, ქალბატონო მერკელ, ევრობიუროკრატებს ზოგჯერ სჭირდებათ შეხსენება, რომ მათი კავშირი ეკონომიკას კი ეყრდნობა, მაგრამ პოლიტიკურ მიზანს ისახავს. “ფაქტების მგმობმა პოპულიზმმა ზედმეტად შორს შეტოპაო,” და დაუმატებია, “დემოკრატიას სიმართლე და გამჭვირვალობა უყვარსო.” თქვენს პირს შაქარი!

🇭🇺 ახლა სიმართლესაც ჩავხედოთ თვალებში: უნგრეთის უკანასკნელი შემორჩენილი დამოუკიდებელი სანფორმაციო ვებ-გვერდი, index.hu განგაშის ზარებს სცემს, ცოტაც და ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობას ბოლო მოეღებაო. საქმე ისაა, რომ ვიქტორ ორბანმა და მისმა დამქაშებმა თითქმის მთლიანად გამოშიგნეს დამოუკიდებელი პრესა და იმდენად დახვეწეს მეთოდები, რომ უხეშად ჩარევა არც კი სჭირდებათ. თავისი დამოუკიდებლობის დასაცავად, თურმე “ინდექსი” ფონდის სახითაა რეგისტრირებული და ამ ფონდის საბჭოთი იმართება. ორბანის ამფსონს ამ ფონდის ნახევარი შეუსყიდია, “ინდექსის” რედაქტორი მმართველი საბჭოს შემადგენლობიდან გაუძევებია და დანარჩენ წევრებთან ერთად რეორგანიზაცია წამოუწყია, ფინანსურად უფრო მდგრადი უნდა გავხდეთო. თუ საქმე ასე გაგრძელდა, გამოცემის სარედაქციო ოთახში ნაცნობი სახეები აღარ დარჩებაო, შფოთავს რედაქტორი. “ინდექსს” ევროკომისიამაც მისცა მხარი.

მსგავსი/Related

Back to top button