ფილოსოფოსის რვეული

მოკეტე, პენელოპე!

ანტიკური საბერძნეთი, მისი კულტურა და ლიტერატურული თუ მითიური პერსონაჟები საერთო-ევროპული კულტურის დასაბამი და შთაგონების უშრეტი წყაროა. ფილოსოფოსებიც ხშირად სწორედ აქ ეძიებენ დასავლური საზოგადოების მოწყობის ყალიბს. რას გვეუბნება ბერძნული მითები ქალების შესახებ? ცნობილი ფილოსოფოსები ბერძნული მითების პერსონაჟებს აცოცხლებენ.


ავტორის შესახებ: მარი ბეარდი (Mary Beard) ანტიკური ისტორიის მკვლევარი და კლასიკური ლიტერატურის პროფესორია კემბრიჯის უნივერსიტეტში. მისი ერთ-ერთი ნაშრომია „ქალები და ძალაუფლება. მანიფესტი,“ რომელიც 2017 წელს გამოიცა ინგლისში. ქვემოთ მოყვანილია ამონარიდი სტატიიდან „ქალთა საჯარო ხმა“, რომელიც 2014 წელს გამოიცა ალმანახ „ლონდონის წიგნების მიმოხილვაში“.


ჩვენს წინაშეა ერთ-ერთი პირველი წერილობითი მოწმობა იმისა, თუ როგორ ეუბნება მამაკაცი ქალს, რომ უნდა „მოკეტოს“, თანაც უმტკიცებს, რომ საჯაროდ მისი ხმა არ უნდა ისმოდეს.

ეს ეპიზოდი „ოდისეის“ პირველივე სიმღერაშია. პენელოპეს სახლს განთქმული მომღერალი სწვევია, რომელიც იქ შეკრებილ ხელის მთხოვნელებს აქაველთა გმირობისა და ფათერაკიანი მოგზაურობების ამბავს უმღერის.

ასე აღგვიწერს ჰომეროსი სცენას: „ეს ღვთაებრივი სიმღერა რომ შემოესმა იკარიოსის გონიერ ასულს, პენელოპეს, სანთიობოდან მყისვე დაეშვა მაღალი კიბით და დარბაზში მონადიმე სასიძოებთან შევიდა[…] ოსტატურად ნახელავ დედაბოძთან შედგა დედათა შორის უმშვენიერესი, პირს ოქრორიდე მოიფარა და ცრემლმორეული შეესიტყვა ღვთაებრივ მომღერალს: – ჩემო ფემიოს! […] თავი ანებე ამ ნაღვლიან სიმღერას, ფემიოს, გულს მიკლავს იგი, რადგან იმ კაცს მაგონებს, ვისი სახელიც მთელ არგოსსა და ელადაშია განთქმული“.

სწორედ ამ დროს საქმეში ტელემაქე, პენელოპესა და ოდისევსის ყმაწვილი ვაჟი ერთვება და ასე მიმართავს: „- დედაჩემო! რატომ უკრძალავ ფემიოსს იმ სიმღერით დაგვატკბოს, ზევსს რომ ჩაუგონებია მისთვის? […] დაბრუნდი და შენს საქმეს – თითისტარსა და საბეჭავს მიჰხედე, დაასაქმე მხევალნი. რაც შეეხება სიტყვა-პასუხს, ეს კაცის საქმეა, მეტადრე ჩემი: ამიერიდან მე ვარ ამ სახლის ბატონ-პატრონი!“ პენელოპეც ემორჩილება.

ნორჩი ტელემაქე დედის კალთას სულ ცოტა ხნის წინ მოშორებია და უკვე დედამისს – მოწიფული ასაკის, ბრძენად ცნობილ ქალს – ეუბნება, ენა დააყენეო. სასაცილო ამბავია, თითქოს.

თუმცა დასავლური კულტურის ეს ერთ-ერთი პირველი წერილობითი ძეგლი გვიჩვენებს, რომ ქალის ხმა საჯარო სივრცეში შეზღუდულია, არ უნდა ისმოდეს. მეტიც, ჰომეროსის მიხედვით, ახალგაზრდა მამაკაცს შეშვენის ქალთა სქესი დაადუმოს და საჯარო სივრცეში მისი ხმის ამოღებაც გააკონტროლოს.

ტელემაქეს მიერ გამოყენებული სიტყვები მნიშვნელოვანია და ნიშანდობლივი. როცა ის ამბობს, „სიტყვა-პასუხი“ კაცის საქმეაო, ჰომეროსი სიტყვა „მუთოსს“ იყენებს – იმავე ფუძიდან, რომელიდანაც ჩვენთვის ჩვეული „მითოსი“ მოდის. მაშინდელი ბერძნულისათვის ეს ცნება საჯაროდ ნათქვამ, ავტორიტეტულ სიტყვას აღნიშნავს, ანუ არა ყოველდღიურ საუბარსა და ენის ჭარტალს, რომელიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა – და მით უფრო ქალმა – გამართოს.

ცხადია, რომ ჰომეროსის ხედვით, ქალებს – მათაც კი, საზოგადოებაში გამოჩენილი ადგილი რომ უჭირავთ და ამდენად სიტყვაც ეთქმით, დიდი საზღაურის გადახდა უწევთ, მათ სიტყვებს რომ ვინმემ ყური დაუგდოს.

უნდა ვაღიაროთ, რომ ქალთათვის სიტყვის ჩამორთმევას დასავლეთში დიდი ისტორია აქვს…

მსგავსი/Related

Back to top button