Placeholder canvas
დაუჯგუფებელიევროპის მოამბე

ევროპის მოამბე – 2 ივლისი

🇷🇺 ევროპული პრესა რუსეთში მომხდარ ამბავს საკმაო ყურადღებას უთმობს. პრეზიდენტ პუტინის ინიციატივით მოწყობილ საყოველთაო კენჭისყრაში მოსახლეობის 78%-მა მხარი დაუჭირა (თუ „მხარი დაუჭირა“, რას გაიგებ…) წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებს. კანტიკუნტად შემორჩენილმა ოპოზიციამ რეფერენდუმს უკანონო და ყალბი უძახა. ისკიარა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის 7,196 მოქალაქეს მიუმართავს, წესები დაირღვაო, მაგრამ კომისიას მათი ერთი საჩივარიც არ ჩაუგდია განხილვის ღირსად. თანაც, რეფერენდუმის კითხვარი ფრიად უცნაურად ყოფილა შედგენილი. კითხვა იყო მხოლოდ ერთი – მხარს უჭერთ თუ არა ცვლილებებსო, არადა სულ 206 საკონსტიტუციო ცვლილება იყო წარდგენილი. მათ შორის, თითქოს კეთილშობილური და ხალხის მოსათაფლი წინადადებები ერია, მაგალითად ხელფასისა და პენსიის ზრდა და სხვა სოციალური ფუფუნებები, მაგრამ ძაღლის თავიც ამაშია დამარხული, ცვლილებებს შორის ერთ-ერთი საპრეზიდენტო ვადის “განულებას” გულისხმობდა. ჰოდა აწი, პუტინს საშუალება მიეცემა დამატებითი ორი ვადით იყაროს კენჭი და კიდევ 16 წელი ატაროს მონომახის მძიმე თავსაბურავი…

🇫🇷 შავი დღე აყარეს ფრანგებმა თავიანთ ექსპრემიერს, ფრანსუა ფიონს და მის ჯილაგს – სახელმწიფო ფულის გაფლანგვისა და თაღლითობისათვის ფიიონს ხუთწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს (აქედან სამი – პირობითი). ესეც არ აკმარეს, 10 წლის განმავლობაში შენი და შენი ცოლის ფეხი არ იყოს საჯარო პოსტზეო და კაი გვარიანი ჯარიმაც უთავაზეს 750 000 ევროს ოდენობით. ფიონს საციხე ოდისეაში მისი პენელოპეც დაუმშვენებს გვერდს გისოსებს მიღმა. სწორედ ფიიონის მეუღლე, პენელოპეა ამ დავიდარაბის საბაბი: თურმე მისიე ფიონმა ეროვნული საკრებულოს დეპუტატობის დროს მეუღლე თანაშემწედ დანიშნა, სადაც ქალბატონმა 1990 წლიდან-2013 წლის ბოლომდე თითის თითზე დაუკარებლად მილიონზე მეტი ევრო მიიღო. ამ ამბავმა ჯერ ბატონი ფიიონის საპრეზიდენტო კამპანია ხომ შეიწირა და ახლა გისოსებს მიღმაც ამოაყოფინა თავი…

🇪🇺 იძულებითი სამთვიანი შესვენების შემდეგ ევროპარლამენტში დაბრუნებულ ხმოსნებს უსიამოვნო სიურპრიზი დახვედრიათ: ორმოცდაათამდე დეპუტატს თავისი მაგიდა გატეხილი და ღირებული საგნები – მათ შორის პორტატული კომპიუტერები – გაძარცვული დახვედრია. ეს ამბავი, როგორც ჩანს, მაშინ მომხდარა, როცა პარლამენტი სულაც დაცარიელებული იყო. დეპუტატები აღშფოთდნენ, დაცვის სამსახური სად იყურებოდა და ჩვენი გენერალური მდივანი პასუხს რატომ არ აგებსო. საგნების დაკარგვა ერთია და ევროდეპუტატების ქაღალდებში ქექვას ეგებ სხვა მიზანიც ჰქონდაო, ვარაუდობენ ჟურნალისტები…

🇨🇿 ვინ იფიქრებდა?! „გზებზე სუფრის გადაფენა“ აზიური გადმონაშთი გვეგონა და ევროპული ამბავი ყოფილა, თანაც ცენტრალურ-ევროპული. დიდი ნადიმობა გაუმართავთ ჩეხებს უქმეებზედ კორონა ვირუსის გადაგორების აღსანიშნავად: არც მეტი არც ნაკლები, „კარლოვ მოსტზე“ ანუ ქალაქის ცენტრალურ ხიდზე 500-მეტრიანი სუფრა გადაუფენიათ. თამადის ვინაობა და სადღეგრძელოების რიგი ვერ დავადგინეთ, მაგრამ კარგად რომ მოილხინეს კაფკას სამშობლოში ეგ კი აშკარაა.

ბედნიერ დღეს გისურვებთ. ხვალამდის!

მსგავსი/Related

Back to top button