ახალი ამბები

ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნას იწყებს

ევროკავშირის საბჭომ, რომელიც 27 წევრი სახელმწიფოს მთავრობის მეთაურებისგან შედგება, 30 ივნისს გადაწყვეტილება მიიღო, რომ 14 არაწევრი ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის სასაზღვრო შეზღუდვების მოხსნა დაიწყოს.

საქართველო იმ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაშია, რომლის მოქალაქეებიც 1 ივლისიდან ევროკავშირის ქვეყნებში შესვლას შეძლებენ.

გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის სავალდებულოდ შესასრულებელი არ არის და თითოეულ სახელმწიფოს თავად შეუძლია დაუწესოს შეზღუდვები იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით უსაფრთხოდ მიიჩნევიან.

ევროკავშირის საბჭოს რეკომენდაციით, ამგვარი ნაბიჯი ორმხრივი უნდა იყოს და საქართველოს მთავრობასაც მოუწევს საზღვრების გახსნა მოგზაურებისთვის ევროკავშირის ქვეყნებიდან.

ევროკავშირის საბჭოს თქმით, სია ყოველ ორ კვირაში განახლდება, ვინაიდან „უსაფრთხოდ“ მიჩნეულ ყველა ქვეყანას მოუწევს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებული გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება.

რეკომენდაცია ასევე ვრცელდება შენგენის ზონის ქვეყნებზე, მათ შორის ისლანდიაზე, ლიხტენშტაინზე, ნორვეგიასა და შვეიცარიაზე.

საქართველოს ჯერჯერობით არ აღუდგენია საერთაშორისო მიმოსვლა უცხოეთთან. საერთაშორისო ფრენებზე შეზღუდვები 31 ივლისის ჩათვლით გაგრძელდა.

კოვიდ-19-ის შესახებ დეტალურად წაიკითხეთ ბმულზე:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button