რესპუბლიკის ამბები

ართვინში, შავშეთსა და არდაგანში საქართველოს ხელისუფლების გავლენა განმტკიცდა

გაზ. ერთობა, 1920 წლის 29 ივნისი, N144

არდაგან-ართვინი

არდაგან-შავშეთ-ართვინში მოგზაურობიდან დაბრუნდა დამფუძნებელი კრების წევრი გიორგი ანჯაფარიძე, რომელმაც საქართველოს დეპეშათა სააგენტოს თანამშრომელთან საუბრის დროს ოლქში არსებულ განყოფილების შესახებ შემდეგი განაცხადა: არდაგანის ოლქში, სთქვა ანჯაფარიძე,. პოლიტიკური მდგომარეობა მტკიცეა. მთავრობის წარმომადგენლებს და ჯარს მცხოვრებლები ნდობით უყურებენ, ვინაიდან მათში ხალხის ინტერესების დამცველებს ხედავენ. მცხოვრებლები შარშანდელ მოუსავლიანობის გამო სურსათის ნაკლებობას გრძნობენ.

მთავრობა მცხოვრებლებს დახმარებას უწევს და თავის დროზე გააგზავნა იქ სათესი ხორბალი და სურსათი. მაგრამ დახმარება უნდა იქნეს გაძლიერებული. იმ მცხოვრებთა მდგომარეობა, რომლებიც ჩვენი გავლენის სფეროს გარეშე იმყოფებიან, გაცილებით უარესია, რაც ნათელი ხდება სხვადასხვა დელეგატების განცხადებიდან, რომლებიც გვთხოვენ არდაგანის დანარჩენ ნაწილის შემოერთებასაც. ასეთივე კარგი მდგომარეობა არის შავშეთში. მიუხედავათ საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ პროვოკაციულ მუშაობისა, მცხოვრებლები არ წამოეგენ პროვოკაციულ მუშაობისა, მცხოვრებლები არ წამოეგენ პროვოკაციის ანკესზე და ჩვენ ჯარებს აღფრთოვანებით შეხვდენ. ჩვენი ჯარები ადგილობრივ მცხოვრებლებთან ერთად ილაშქრებენ ბანდების წინააღმდეგ, რომლებიც შავშეთის და ზემო აჭარას ეცემიან.

ამ ჟამად, ადგილობრივ მცხოვრებლებთან სრული შეთანხმებით, შავშეთში სდგება ადმინისტრაცია და აგრეთვე იღებენ ზომებს ავანტიურისტულ გამოსვლების წინააღმდეგ. თვით ართვინში ჩემი იქ ყოფნის დროს, ინგლისის ნაწილები იდგა, მაგრამ ისინი როგორც წავიდენ, მცხოვრებლებმა ჩვენ ჯარებს მიმართეს თხოვნით ქალაქში შესულიყვენ. ართვინის ოლქში  წელს მოსალოდნელია კარგი მოსავალი. სასურსათო მდგომარეობა იქ გაცილებით უკეთესია, ვიდრე არტაანში. ჩვენი ჯარების სულიერი განწყობილება საუცხოვოა. ჯარები აკვირვებს ადამიანს თავისის შეგნებითა და დისციპლინით. ისინი არ გრძნობენ ნაკლებლობას სურსათში. უნდა აღინიშნოს პოლკოვნიკ ვაჩნაძის მოქმედება, რომელმაც შესძლო ასეთი ძალების შექმნა ამ რაიონში (სდს).

მსგავსი/Related

Back to top button