ახალი ამბები

TI საქართველო ქვეყნის ანტიკორუფციული სისტემის ეფექტურობას აფასებს

საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის შეფასების ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში არსებულ ხარვეზებს აფასებს.

ანგარიშის თანახმად, ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტების უმრავლესობა ამჟამად სათანადოდ ვერ ასრულებს მათ ფუნქციებს დემოკრატიული მმართველობის უზრუნველყოფისა და კორუფციის პრევენციის მხრივ. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ კვლევის ფარგლებში შეფასებული 12 ინტიტუტიდან მხოლოდ სამს აქვს მაღალი ან მაღალთან მიახლოებული საბოლოო ქულა: სახალხო დამცველს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და საარჩევნო ადმინისტრაციას.

ორგანიზაციის თქმით, საქართველოში უნდა ჩამოყალიბდეს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო, რომელიც დაცული იქნება მის საქმიანობაში ნებისმიერი სახის „არაჯეროვანი ჩარევისგან“ და რომელიც მაღალი დონის კორუფციის შემთხვევებს სათანადოდ გამოიძიებს.

შეფასების დეტალები

26 ივნისს გამოქვეყნებული საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სისტემის კვლევის მეთოდოლოგია გულისხმობს ინსტიტუტების შეფასებას ისეთი ინდიკატორების მიხედვით, როგორებიცაა დამოუკიდებლობა, რესურსები, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, კეთილსინდისიერება და მათი როლი კორუფციასთან ბრძოლაში. კვლევის ფარგლებში ცალ-ცალკე შეფასდა თითოეული ინსტიტუტის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩო და იმავე ინსტიტუტის საქმიანობა პრაქტიკაში.

ინსტიტუტების შეფასება განხორციელდა 0-დან 100-მდე შკალაზე (სადაც 100 გულისხმობს ყველაზე ძლიერ შესაძლებლობას, რომ გაუმკლავდეს კორუფციულ რისკებს). კადრი TI საქართველოს ანგარიშიდან

ორგანიზაციამ პარლამენტი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მან ვერ შეძლო ანტი-კორუფციული კანონმდებლობის გაუმჯობესება, ხოლო „მეტწილად ქმედითი რეაგირების გარეშე რჩება თავად პარლამენტის წევრთა მიერ ანტიკორუფციული ნორმების დარღვევის შემთხვევები“.

საერთაშორისო გამჭირვალობამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა მნიშვნელოვან ნორმებს შეიცავს მთავრობაში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის პრევენციისთვის, „არასაკმარისია მთავრობის ძალისხმევა დამოუკიდებელი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და საჯარო სამსახურში კორუფციასთან ბრძოლის მხრივ“.

რაც შეეხება სასამართლო სისტემას, ანგარიში ხაზს უსვამს კანონმდებლობაში „მნიშვნელოვან დადებით ცვლილებებს“, თუმცა ყურადღებას ამახვილებს სასამართლოზე გარე აქტორების „არაჯეროვან გავლენაზე“. „სასამართლო სისტემაში გაუმჭვირვალედ მიიღება ზოგიერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მათ შორის მოსამართლეების დანიშვნა. არ არის უზრუნველყოფილი მოსამართლეთა ანგარიშვალდებულება კანონის შესაძლო დარღვევების (მათ შორის კორუფციის შესაძლო შემთხვევების) გამო“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშის თანახმად, პოზიტიური რეფორმების მიუხედავად, კვლავაც არსებობს „კორუფციის მნიშვნელოვანი რისკები“ სახელმწიფო შესყიდვების სისტემაში.

ორგანიზაცია აცხადებს, რომ დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხის გამო, სამართალდამცავი უწყებები ვერ ახერხებენ მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე „ეფექტიანად რეაგირებას“.

მიუხედავად არჩევნების ორგანიზებაში მიღწეული გარკვეული პროგრესისა, TI საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის წევრთა პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებს და ნეპოტიზმის და ფავორიტიზმის შესაძლო შემთხვევებზე მიუთითებს.

TI საქართველომ სასამართლო სისტემაში ე.წ. კლანის გავლენის აღმოფხვრისკენ მოუწოდა, რაც ქვეყანაში კანონის უზენაესობას განამტკიცებს.

ორგანიზაცია ასევე ითხოვს, რომ შეწყდეს არაფორმალური გავლენა საჯარო დაწესებულებებზე და მოუწოდებს მთავრობას, რომ საჯარო მოხელეების მუშაობაში არაჯეროვანი ჩარევისგან თავი შეიკავოს.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button