რესპუბლიკის ამბები

გურიის სამაზრო ერობამ წისქვილი, ქარხანა, რკინის გზა, ამბულატორიები და აფთიაქები გახსნა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 25 ივნისი, N140

ერობა

გურიის ერობაში

გურიის ერობა ენერგიულ მუშაობას აწარმოებს მდინარე რიონის ნაპირების გასამაგრებლად. ამ მუშაობაში ახლო მონაწილეობას იღებენ მცხოვრებლები, რომელთაც ნატურალური ბეგარა მოაქვთ და თავის შრომას უფასოდ იძლევიან.

ერობა ნიგოეთში მოტორის წისქვილს აწყობს.

ნატანებში სრულდება ტყის სახერხი ქარხნის მოწყობა. ტყის ექსპლოატაციის მიზნის წვრილი რკინის გზა გაყავთ, რისთვისაც რამდენიმე მატარებელი უკვე შეძენილია.

მიღებულია ზომები მდინარე სუფსაზე ხიდის გასაკეთებლად.

დიდი ყურადღება აქვს მიქცეული საექიმო საქმეს. მაზრაში არის 11 საექიმო პუნქტი და 3 სამკურნალო. საფერშლო კურსები სრულიად უქმდება და მიღებულია ზომები, რომ ფერშლების რეცეპტით არც ერთი აფთიაქიდან არ იქნეს წამალი გაშვებული.

მაზრაში 4 აფთიაქი არის. განზრახულია მაზრის ერობის აფთიაქების ქსელით დაფარვა.

მსგავსი/Related

Back to top button