Placeholder canvas
ახალი ამბები

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო

საყოველთაო საჯარო განხილვების დასრულების შემდეგ, საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა 19 ივნისს უკვე პარლამენტში დაიწყო.

ცვლილებების პაკეტი, რომელიც პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს, კომიტეტის წევრებს პრინციპების დონეზე ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ გააცნო.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების შემთხვევაში, 2020 წლის ოქტომბერში ამომრჩეველი 150 დეპუტატიდან 120-ს პროპორციული სისტემით აირჩევს (77-ის ნაცვლად), ხოლო მაჟორიტარული წესით – 30-ს (73-ის ნაცვლად). პარლამენტში მოსახვედრად საჭირო 5%-იანი ბარიერი ერთჯერადად 1%-იანით შეიცვლება; აგრეთვე, პარტიას, რომელიც ამომრჩევლის ხმების 40%-ს ვერ მოაგროვებს, პარლამენტში ერთპარტიულად უმრავლესობის შექმნის შესაძლებლობა არ ექნება.

საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის განხილვას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ პოლიტიკურ პარტიებს საკითხის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

მმართველი გუნდის მხრიდან ცვლილებების მხარდაჭერისთვის მზადყოფნა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა კომიტეტზე კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ცვლილებების მხარდაჭერის პირობა ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრებმაც დადეს. პატიორტთა ალიანსი ასევე აპირებს, რომ ამ საკითხს მხარი დაუჭიროს. 

საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყველა დამსწრე დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კანონმდებლებმა საკითხს პირველი მოსმენით პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე კენჭი 21 ივნისის უნდა უყარონ.

დღევანდელ საკომიტეტო განხილვას ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს წევრები არ ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების ყველა პირობას არ შეასრულებს „მთავარი არხის“ დამფუძნებელს“ და „პოლიტპატიმარ“ გიორგი რურუას არ გაათავისუფლებს, ისინი ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ და მონაწილეობას არც მის განხილვაში მიიღებენ.

საკომიტეტო მოსმენას წინ ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დიალოგის შუამავალი ელჩების განცხადება უსწრებდა, სადაც ისინი მოლაპარაკების მხარეებს 8 მარტის შეთანხმების სრულყოფილად შესრულებისა და საარჩევნო სისტემის რეფორმისთვის საჭირო საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოცნების 92 დეპუტატი მზად არის ცვლილებებს ხმა მისცეს. შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობას კიდევ 21 დეპუტატის ხმა სჭირდება. თეორიულად, ცვლილებების მიღება მმართველ გუნდს ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატების გარეშეც შეუძლია.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button