Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო რელიგიის თავისუფლების შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში

10 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2019 წელს მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიური ანგარიში რელიგიის თავისუფლების თვალსაზრისით საქართველოში არსებულ მდგომარეობასაც მიმოიხილავს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რომელიც ყოველწლიურად ქვეყნდება, მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს და იმ სამთავრობო პოლიტიკას აშუქებს, რომელიც ხელს უშლის სხვადასხვა რელიგიური ჯგუფებისა და ინდივიდუალური წარმომადგენლების რელიგიურ რწმენას და მათ საქმიანობას. ანგარიში 2019 წლის მოვლენებს ასახავს.

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს საქართველოს სამართალდამცველმა სტრუქტურებმა 44 საქმე გამოიძიეს, რომლებიც რელიგიურ დისკრიმინაციასთან სავარაუდოდ დაკავშირებულ დანაშაულებს მოიცავდა, მათ შორის იყო „რელიგიური რიტუალების ჩატარებაში უკანონო ჩარევა, დევნა და ქონების დაზიანება/განადგურება“. ამავე მონაცემებით, სახალხო დამცველის აპარატში სულ 19 საჩივარი შევიდა, საიდანაც 10 ძალადობას ეხებოდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის“ანგარიშზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელმაც ქართულ მედიაში რელიგიურ თემაზე გაკეთებული 55 არატოლერანტული განცხადება გამოავლინა, რაც 2018 წელთან შედარებით, 93-ით ნაკლებია. სახალხო დამცველის აპარატზე და რელიგიურ ჯგუფებზე დაყრდნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ „საზოგადოებაში ფართოდაა გავრცელებული მოსაზრება, რომ რელიგიური უმცირესობები საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას და ქვეყნის ღირებულებებს საფთხეს უქმნიან“.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ექვს რელიგიურ ჯგუფს რეგისტრაციაზე უარი იმ მოტივით უთხრა, რომ „მათ არ ქონდათ ისტორიული კავშირები საქართველოსთან ან ევროპის საბჭოს ქვეყნების მიერ არ იყვნენ რელიგიად აღიარებულნი“.

ანგარიშის თანახმად, სასჯელაღსრულების დაწესებულებების უმეტესობაში არსებობდა მართლმადიდებლური სამლოცველოები, თუმცა არ იყო მსგავსი ადგილები სხვა აღმსარებლობის პირთათვის.

დანაშაულები რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე

ანგარიში უფლებადამცველის, ებრაული და იეზიდური წარმომავლობის ვიტალი საფაროვის გახმაურებულ საქმესაც ეხება. დოკუმენტის თანახმად, ადგილობრივმა სასამართლომ დაადგინა, რომ საფაროვი „რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის“ ნიადაგზე არ მოუკლავთ.

იქვე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები და ქართული არასამთავრობოები ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან და აღნიშნავენ, რომ დამნაშავეები ნეონაცისტურ ჯგუფებს ეკუთვნოდნენ და ულტრანაციონალისტური იდეების მატარებლები იყვნენ.

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია

ანგარიშში ასევე საუბარია იმ პრივილეგიებზე, რომლებიც მართლმადიდებლურ ეკლესიას რელიგიური შენობების მშენებლობის, აღდგენისა და შენახვის გადასახადების, ასევე ქონების გადასახადის გადახდის კუთხით ენიჭება. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ სხვა რელიგიური ჯგუფები ამ პრივილეგიებით არ სარგებლობენ.

სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის გადაწყვეტილებაზეც ამახვილებს, რომელმაც მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული პრივილეგიები არაკონსტიტუციურად ცნო და საკანონმდებლო ცვლილებები მოითხოვა, რომლითაც ეს პრივილეგიები გაუქმდებოდა ან ყველა სხვა რელიგიურ ორგანიზაციაზეც გავრცელდებოდა. ანგარიშის თანახმად, პარლამენტმა ცვლილებების მიღება წლის ბოლომდე ვერ მოახერხა.

მუსლიმი თემის პრობლემები

ანგარიშის თანახმად, ხელისუფლების გავლენა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოზე კვლავ გრძელდება.

სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრზე დაყრდნობით, სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ არამართლმადიდებელი რელიგიური ორგანიზაციები მთავრობის წინააღმდეგობას კვლავ აწყდებოდნენ, როდესაც ღვთისმსახურებისთვის განკუთვნილი შენობებისთვის სამშენებლო ნებართვების მოპოვებას ცდილობდნენ. დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ბათუმში მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების უარზეც.

რელიგიის თავისუფლება ოკუპირებულ რეგიონებში

ანგარიშში რელიგიის თავისუფლების კუთხით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეც არის საუბარი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ სოხუმსა და ცხინვალში აკრძალულია იეჰოვას მოწმეების საქმიანობა.

სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებს აფხაზეთში, მათ შორის, ეთნიკური ქართველებით დასახლებულ გალის რაიონში, საეკლესიო მსახურების ჩატარების შესაძლებლობა არ მიეცათ.

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ აფხაზეთის ხელისუფლებამ „საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის წმენდის“ მიზნით, ისტორიული მართლმადიდებლური რელიგიური შენობები გაანადგურა.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მართალია ცხინვალმა მართლმადიდებლურ ეკლესიას უფლება მისცა, რომ ზოგიერთ რაიონში, მათ შორის, ახალგორში ღვთისმსახურება ჩაეტარებინა, მოსახლეობას გამყოფი ხაზის მახლობლად მდებარე ეკლესიებსა და სასაფლაოებზე მისვლის საშუალება არ ქონდათ, ვინაიდან „რუსი მესაზღვრეების მიერ მათი დაკავების საფრთზე არსებობდა“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button