ახალი ამბები

მთავრობამ სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის გეგმა წარადგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად, 28 მაისს სამშენებლო სექტორის მხარდაჭერის 434 მლნ ღირებულების გეგმა წარადგინა.

პრემიერის თქმით, მშპ-ში სამშენებლო სექტორის წილისა (9%) და დასაქმებულების რაოდენობის (120 000 პირდაპირი დასაქმებული) გათვალისწინებით, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა მთლიანად ეკონომიკის გაჯანსაღების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, იპოთეკარს, რომელიც ბინის შესაძენად ხელშეკრულებას 2020 წლის 1 ივნისიდან 2021 წლის 1 იანვრამდე გააფორმებს (არაუმეტეს 200 000 ლარსა), სახელმწიფო, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, მისი სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ის დაუსუბსიდირებს. იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების განაკვეთი 5%-ზე ქვემოთ ჩამოვა, სახელმწიფო სესხის სუბსიდირებას შეწყვეტს.

ამასთან, ამავე პერიოდში აღებულ იმ იპოთეკურ სესხებზე (არაუმეტეს 200 000 ლარისა), სადაც პირველადი შენატანი 10%-ზე ნაკლები არ იქნება, სახელმწიფო 20%-იან გარანტიას გასცემს.

აგრეთვე, სახელმწიფო 1 800 დევნილი ოჯახის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების მიზნით, 150 მლნ ლარის ღირებულების ბინებს შეიძენს. 

გარდა ამისა, გეგმის ფარგლებში, სახელმწიფო მშენებლობის დასრულებზე გარანტიას გასცემს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუკი მშენებელი კომპანია საცხოვრებელი ფართების 30%-ს ვერ გაყიდის, მისგან ამ ფართს სახელმწიფო შეიძენს. მთავრობა ნაყიდ ბინებს დევნილების საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილების პროგრამისთვის გამოიყენებს. 

შეღავათები დაწესდება 2013 წლამდე ე.წ. „დაუმთავრებელ მშენებლობებეზეც“ და განაცხადების მიღება 1 წლის ვადით გახანგრძლივდება.

აგრეთვე, ეტაპობრივად ამოქმედდება ე.წ. Escrow – საბანკო ანგარიში, რომელიც მყიდველს მშენებლობის დასრულების რისკებს დაუზღვევს. კერძოდ, ანგარიშზე მყიდველის მიერ შეტანილი თანხა დაგროვდება და მშენებელს მისი გატანა სამშენებლო პროცესის პარალელურად ან მისი დასრულების შემდეგ ექნება. 

ჯამში, იპოთეკური სესხის სუბსიდირებას 70 მლნ ლარი, იპოთეკური სესხების პორტფელზე  სახელმწიფო გარანტიას 14 მლნ ლარი, დევნილების ბინებით უზრუნველყოფას 150 მლნ, ხოლო დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების სახელმწიფო გარანტიის პროექტს – 200 მლნ ლარი სჭირდება.

კოვიდ-19-ის შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button