ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა

27 მაისს, პარლამენტში დაახლოებით საათნახევრიანი მოხსენების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კანონმდებლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

დეპუტატების კითხვები საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში გამოწერილი ჯარიმების გაუქმებას, პარლამენტისთვის დაკორექტირებული ბიუჯეტის დაგვიანებით წარდგენას, საგანგებო მდგომარეობის დროს სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ შესყიდვებში კორუფციის სავარაუდო ნიშნებს, მოქალაქეების მიმართ გამოვლენილ ორმაგ სტანდარტს, ქვეყანაში არსებულ „პოლიტიკურ კრიზისს“ და სხვა საკითხებს ეხებოდა.

ჯარიმების გაუქმების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს იყო „შემაკავებელი ინსტრუმენტი“, რომელიც ხელისუფლებამ „ეფექტურად“ გამოიყენა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ნათელი გახდა, რომ მოსახლეობისთვის გაცემული „რეკომენდაციები“ აღარ მუშაობდა.

„ჩვენ ვერავის მოვუწოდებთ მისი გაუქმებისკენ, რამდენადაც შემდგომში პრევენციის ძალა ამ შემაკავებელი ინსტრუმენტების, უბრალოდ არ იმუშავებს“, – თქვა პრემიერმა.

გახარიამ გადასახადების დაწევის შესახებ ოპოზიციის შეთავაზება „დემაგოგიად“ შეაფასა და მათ ხელისუფლებისთვის „უფრო გააზრებული რეკომენდაციების“ გაზიარებისკენ მოუწოდა.

მისივე თქმით, მთავრობას პარლამენტისთვის დაკორექტირებული ბიუჯეტის წარდგენა 5 ივნისამდე შეუძლია და აღმასრულებელი ხელისუფლება „ამ ვადას არ გადააცილებს“.

პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ის მოქალაქეები, რომლებმაც შემოსავალი კოვიდ-19-ის პანდემიის გამო დაკარგეს, სახელმწიფოსგან დაპირებული დახმარების მიღებას უკვე მიმდინარე კვირის ბოლოდან შეძლებენ.

მისივე თქმით, დასაქმებულების ის ნაწილი, რომელიც ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადს იხდიდა, დახმარებას ავტომატურად მიიღებს. რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, გახარიას განცხადებით, მათ დახმარების მისაღებად, უბრალოდ შემოსავლის დამადასტურებელი „ერთი წერილის“ წარდგენა მოუწევთ.

გიორგი გახარიამ ისიც განმარტა, რომ ვირუსის მეორე ან მესამე ტალღას ქვეყანა რეზერვების სახით უფრო მომზადებული დახვდება და ამ მიმართულებით მუშაობა უკვე მიმდინარებს.

მანვე ამ კონტექსტში ჯანდაცვის სისტემის მზაობის მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და თქვა, რომ სისტემა იმისთვის ემზადება, რომ ვირუსის ახალი ტალღების შემთხვევაში, ქვეყანაში პროცესების მართვა მკაცრი შეზღუდვების გარეშე მოხდეს.

ამ მიმართულებით მან მოსახლეობის პასუხისმგებლობასაც გაუსვა ხაზი და თქვა, რომ „ჩვენზეა დამოკიდებული, გახდება თუ არა საჭირო მკაცრი შეზღუდვების დაწესება“.

პრემიერმა ისიც აღნიშნა, რომ ქვეყანაში „პოლიტიკური კრიზისის“ დასრულებით ყველაზე მეტად ხელისუფლებაა დაინტერესებული. კიდევ ერთხელ გაუსვა რა ხაზი, რომ საქართველოში „პოლიტპატიმრები“ არ არსებობენ, გახარიამ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიღების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„[ამ დროს] გამოჩნდება ვინ რა პოზიციას დაიჭერს და ვინ არის ამ პოლიტიკური კონსენსუსის მომხრე და ვინ დგამს ნაბიჯებს პირიქით – დესტაბილიზაციისა და პოლარიზაციისკენ“, – თქვა პრემიერმა.

გახარიამ ისიც განმარტა, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის მიუხედავად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მეტი დამკვირვებელი იქნება და „მთავრობა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“, თუკი „რაიმე გლობალური [ეპიდემიოლოგიური] აფეთქება არ იქნება“.

პოლიტიკური შეფასებები

პრემიერის პარლამენტში გამოსვლა დადებითად შეაფასეს მმართველ გუნდში. ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრის ანგარიში იყო „მასტერკლასი“, რომელიც მან ოპოზიციას ჩაუტარა.

ოცნების კიდევ ერთმა დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ კი თქვა, რომ გიორგი გახარიას გამოსვლა იყო „აკადემიური“ და „საქმიანი“ და მან ყველა კითხვას „ამომწურავი პასუხი“ გასცა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა რომან გოცირიძემ პრემიერის მოხსენებას „ლიტონი სიტყვები“ უწოდა და თქვა, რომ დღემდე იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც კოვიდ-19-ის პანდემიის გამო შემოსავალი დაკარგეს, არაფერი გაკეთებულა, „კომუნალური გადასახადების გარკვეული შეღავათების დაწესების“ გარდა.

ევროპული საქართველოს დეპუტატმა სერგი კაპანაძემ კი განაცხადა, რომ პრემიერს ეკონომიკური კრიზისის დაძლევის გეგმა არ წარმოუდგენია და პასუხი არც „ბევრ კრიტიკულ კითხვაზე“ გაუცია. 

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ კი თქვა, რომ საქართველოს მთავრობის დამოკიდებულება იმ რეალობიდან და მოლოდინებიდან არის ამოვარდნილი, რომელიც დღეს „თითოეულ მოქალაქეს აქვს“. 

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button