Placeholder canvas
ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო „ბორდერიზაციასა“ და ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ „დეზინფორმაციაზე“

საქართველოში აშშ-ის საელჩო 27 მაისს გავრცელებულ განცხადებაში საოკუპაციო ხაზებთან მიმდინარე, პროვოკაციულ „ბორდერიზაციასა“ და ლუგარის ცენტრის მიმართ რუსეთის მხრიდან „მიმდინარე დეზინფორმაციის“ კამპანიაზე საუბრობს.

„იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის იუბილეს და აღნიშნავს საქართველოს წარმატებას კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში, ამერიკის შეერთებული შტატები პროტესტს გამოთქვამს მიმდინარე, პროვოკაციულ „ბორდერიზაციასთან“ დაკავშირებით, რომელსაც ახორციელებს რუსეთისგან მართული უშიშროების ძალები, რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ“, – ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, ბოლო ორი კვირის განმავლობაში, რუსეთის მიერ მართულმა უშიშროების ძალებმა 12 ქართული სოფლის მიმდებარედ, „უკანონოდ აღმართეს ღობეები და გააძლიერეს არსებული უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი“.

„არანაკლებ შემაშფოთებელია რუსეთის მხრიდან მიმდინარე დეზინფორმაციის კამპანია, მათ შორის სიცრუის შეთხზვა და მისი გავრცელება ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით, რომელმაც სასიცოცხლო მნიშვნელობის როლი შეასრულა საქართველოს ბრძოლაში კოვიდ 19-ის წინააღმდეგ“, – აცხადებენ აშშ-ის საელჩოში.

საელჩოსვე განმარტებით, „ამერიკის შეერთებული შტატები არ შეასუსტებს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“.

„ჩვენ კვლავ ვიმეორებთ ჩვენს მოთხოვნას: შეწყვიტოს რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, შეასრულოს 2008 წლის ვალდებულებები, გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების დაბლოკვა“, – დასძენენ აშშ-ის საელჩოში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button