ახალი ამბები

რუსეთი ლუგარის ცენტრის საქმიანობას კვლავაც აპროტესტებს

თბილისში მდებარე ლუგარის კვლევითი ცენტრი კვლავ რუსული ბრალდებების სამიზნეა. 26 მაისს გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ ბიოლოგიური იარაღის შესახებ კონვენციასთან ლუგარის ცენტრის შესაბამისობის საკითხი „კითხვებს ბადებს“.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი „არ განმარტავენ, თუ რა საქმიანობას ეწევა ლაბორატორია რუსეთის საზღვრებთან ახლოს“. ოფიციალური მოსკოვი ლუგარის ცენტრში – რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს საკუთრებაა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (NCDC) მართავს – რუსი სპეციალისტების დაშვებას მოითხოვს.

მოსკოვის განცხადებით, ლუგარის ცენტრს რუსი ექსპერტები მხოლოდ იმ პირობით ესტუმრებიან, თუ მათ წვდომა ლაბორატორიის ყველა შენობაზე, „მათ შორის, ამერიკელი სპეციალისტების მიერ დაკავებულ სივრცეებზეც“ ექნებათ. ოფიციალური მოსკოვი ასევე განმარტავს, რომ რუსეთი „ყველა კითხვაზე პასუხის მისაღებად“ აშშ-ისა და საქართველოს ხელისუფლებასთან მუშაობას კვლავაც განაგრძობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, „რუსი ოფიციალური პირები და საზოგადო მოღვაწეები“ ლაბორატორიის საქმიანობას ეჭვის თვალით უცქერენ. ამასთან, მოსკოვის მტკიცებით, „ლუგარის ცენტრი“ სწავლობს, თუ როგორ შეიძლება მწერების გამოყენება საშიში ინფექციების გადასატანად.

ამერიკელი სენატორის რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი, რომლის აშენება-მოწყობა ამერიკამ 100 მლნ აშშ დოლარით დააფინანსა, თბილისის გარეუბანში 2011 წელს გაიხსნა. მისი შექმნის მიზანი ინფექციური დაავადებების გამოვლენისა და ეპიდემიოლოგიური მეთვალყურეობის მეშვეობით, მოსახლეობისა და ცხოველების ჯანმრთელობის დაცვა იყო.

რუსეთის ბრალდებები საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ არაერთხელ უარყო. ლუგარის ცენტრის წინააღმდეგ „კრიტიკულ და ცილისმწამებლურ განცხადებებს“ 1 მაისს  საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა და თქვა, რომ „ლაბორატორიაზე თავდასხმა და ყალბი ინფორმაციის გავრცელება აღიქმება, როგორც საქართველოსა და მისი მიღწევების დისკრედიტაციის მცდელობა“.

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა 2018 წელს აღნიშნა, რომ ლუგარის ცენტრი, რომელსაც სრულად საქართველოს მთავრობა მართავს და აფინანსებს, გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საერთაშორისო ვალდებულებებს გაეროს კონვენციების შესაბამისად ასრულებს.

ბიოლოგიური იარაღის კონვენციის შესაბამისად (რომელსაც საქართველო 1996 წელს შეუერთდა) საქართველოს ხელისუფლებამ ლაბორატორიაში საერთაშორისო შემოწმება 2018 წლის ნოემბერში ჩაატარა. შემოწმებას 17 ქვეყნიდან მოწვეულ ექსპერტთა და დამკვირვებელთა 22 კაციანი ჯგუფი დაესწრო. მაშინ რუსეთმა ამ პროცესს „პროპაგანდისტული“ უწოდა და შემოწმებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბოლო ანგარიშში დეზინფორმაციის კლასიკურ მაგალითად ლუგარის ლაბორატორიის წინააღმდეგ მიმართული შეტევები დაასახელა. „კვლევით ცენტრზე მასშტაბური საინფორმაციო თავდასხმები, ისევე, როგორც ვაქცინაციისა და ჯანდაცვის სხვა ეროვნული პროგრამების წინააღმდეგ წარმოებული პროპაგანდა, სხვადასხვა გამოწვევის გარდა, პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და მის უსაფრთხოებას“, – განმარტა სუს-მა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button