რესპუბლიკის ამბები

26 მაისის დღესასწაული – 1920 წელი

„საქართველოს რესპუბლიკა“, N116, 1920 წლის 28 მაისი

26 მაისის დღესასწაული

ჯერ დილის 9 საათი არ იყო, რომ ქუჩებში აუარებელ ხალხმა მოიყარა თავი. რუსთველის პროსპექტი ხალხით გაჭედილია. სხვადასხვა დაწესებულებები, მოწაფეები და პროფესიონალური კავშირები მუსიკით და მორთულ ავტომობილებით მიეშურებოდნენ დანიშულ ადგილს.

მშვენიერი დღე გათენდა, რაიც დღესასწაულს მეტი სიცოცხლე და სიმშვენიერე მისცა.

სახლები შესანიშნავად იყო მორთული.

საზეიმოდ განწყობილ ხალხს სიხარულის ელფერი ედო.

სრულ 10 საათზე ზარბაზნებმა არსენალიდან აცნობეს, რომ პროცესია დაწყებულიყო. ამ დროს პროცესიის კორტეჟი თავისუფლების მოედნიდან დაიძრა. პირველ რიგში გამოემართა „შევარდენი“. საუცხოვო სანახავი იყო. 3000 კაცი რიგრიგად მიდიოდნენ სტადიონზე, მათ წინ მიუძღოდათ მუსიკა და ეროვნული ალმები და დროშები.

შევარდენის შემდეგ გაიარეს სხვადასხვა სასწავლებლის მოწაფეებმა დროშებით, ეროვნული ალმებით და მუსიკით. იყო მრავალი ზედწარწერით: „გაუმარჯოს დამოუკიდებელ თავისუფალ საქართველოს,“ „გაუმარჯოს ინტერნაციონალს“ და სხვა. შემდეგ პროცესიას მოჰყვებოდნენ ამქრები, აშუღები, მეზურნეები და აუარებელი ხალხი.

მორთულ ავტომობილთა შორის ერჩეოდა მორთული ავტომობილი „პოეზია“.

სტადიონზე წეს-რიგს განაგებდა აკაკი ფაღავა.

საუცხოო სურათი ეშლებოდა ადამიანს თვალწინ.

რიგ-რიგად, წყებით დაწყებული პროცესია, მორთული ავტომობილები, ეტლები, ვაკეზე, როგორც გზაზე, აგრეთვე სტადიონზე მორთული ფანჩატურები, გადმოფარებული კარვები – ყველა ეს მოგაგონებდათ რომელიმე დიდებულ საეკლესიო დღეობას, დღესასწაულს.

სრულ 12 ს. გამოჩნდა ძვირფასად მორთული ყვავილებში ჩაფლული ეტლი, რომელშიაც იჯდა ყველასთვის საყვარელი რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია. მას გვერდს უმჩვენებდა გარეშე საქმეთა მინისტრი ევ. გეგეჭკორი.

შემდეგ ასეთივე მორთულ ავტომობილებით და ეტლებით მოდიოდნენ სხვა მინისტრები [,] დამფუძნებელ კრების წევრები და საპატიო სტუმრები.

აღფრთოვანებულ ხალხმა თავის ქვეყნის წინამძღოლნი „ვაშას“ ძახილით და ტაშის გრიალით მიაცილეს საგანგებოდ გამზადებულ კარვებში. კარვები იდგა მაღლობ ადგილებზე, საიდანაც გადაჰყურებდით სტადიონს და პროცესიას.

თვალწარმტაცი, მომხიბლავი სურათი იშლებოდა წინ: ამწვანებული მთები, რომელსაც აუარებელი მაყურებელი ხალხი მოჰფენოდა და აჭრელებულიყო ათასფერად, მზის სხივები ალსა სცემდნენ ყოველ ადგილს.

პირველ საათზე დაიწყო „შევარდენის“ ვარჯიშობაც. ვარჯიშობის დაწყობის წინ კომპოზიტორ კ. ფოცხვერაშვილის მიერ შესრულებული იყო ეროვნული ჰიმნი სამჯერ. შორიდან მაყურებელთ – ეს სამი-ათასი მეტი „შევარდენის“ ქალ-ვაჟის ვარჯიშობა უზომო აღფრთოვანებას იწვევდა. საუცხოვო იყო პირველი ვარჯიშობა. გეგონებოდათ ზღვაზე გადაუგდიათ მოქარგული ბადეო. მშვენიერი მოქნილი, პლასტიური ნომრები ხანგრძლივ ტაშს და ოვაციებს იწვევდა.

ბოლოს შესრულებული იყო სიმბოლიური სურათი „საქართველოს ვარსკვლავი.“

იქვე ცოტა მოშორებით ახალგაზდებს გაემართათ ქართული ჭიდაობა ზურნით. ხალხის სიხარულის ყიჟინა ცასა სწვდებოდა.

დღესასწაულს ნამდვილი დღეობის ელფერი ედო.

ხალხი ერთი მეორეს ულოცავდენ დიდებულ დღესასწაულს. ყველანი სიხარულს მისცემოდენ. დიდი, პატარა, ღრმა მოხუცი თუ ახალგაზრდა – ყველა გარეთ გამოსულიყო. მთელი სტადიონის მიდამოები კარვებით იყო მორთული. მახლობელ სოფლებიდან გლეხობა ჩამოსულიყო. შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები ადგილზე მიესალმნენ გლეხებს: თქვენი დოვლათიანი და მადლიანი მარჯვენა ხელების შედეგია დღევანდელი ზეიმიო.

საღამოს მთელი ქალაქი გაჩირაღდნებულ-განათებული იყო: ზოგიერთ ადგილს შორიდან გეგონებოდათ სახლები ცეცხლში გახვეულანო. ჰაერში გაისმოდა შუშხუნების შხუილი და ათასფერი ვარკსვლავების გუნდ-გუნდი სხივები ეფინებოდა ზეცას.

შესანიშნავად მორთული და გაჩირაღდნებული იყო მთავრობის და სამინისტროს შენობა, სასახლე, ქალაქის თვითმართველობა, არსენალი და მრავალი სხვა შენობები.

მოძრაობა, დღეობა არ შეწყვეტილა ღამის 12 საათამდის.

პაწია ქართველებმა თავის მოვალეობა შეასრულეს მეომართადმი.

მსგავსი/Related

Back to top button