ახალი ამბები

აშშ-ის პრეზიდენტი და სხვა უცხოელი ლიდერები საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ

ზუსტად 102 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მცირე ხნით, სულ სამ წელს იარსება. 1921 წელს საქართველო საბჭოთა რუსეთმა დაიპყრო და მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის ნაწილად აქცია. საქართველომ დამოუკიდებლობა ხელახლა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის დეკლარაციის საფუძველზე გამოაცხადა.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მსოფლიო ლიდერები ულოცავენ.

დონალდ ტრამპი – აშშ-ის პრეზიდენტი: „ამერიკელი ხალხის სახელით, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გულწრფელ სალამს და მილოცვას გიგზავნით. ათწლეულების განმავლობაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დაფუძნებული ძლიერი პარტნიორობა აკავშირებთ.

აშშ დიდად აფასებს და პატივს სცემს საქართველოს მიერ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების კუთხით მიმართულ ინვესტიციას, მათ შორის, ნატოს ავღანეთის მისიაში მნიშვნელოვან კონტრიბუციას, სადაც ქართველი სამხედროები აშშ-ისა და ნატოს შეიარაღებულ ძალებთან ერთად მსახურობენ.

ჩვენ მტკიცედ ერთგულნი ვრჩებით საქართველოს ტერიტორული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და განვაგრძობთ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ურყევ მხარდაჭერას.

ჩვენი პარტნიორობა გაგრძელდება, რამდენადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის დასაძლევად. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას, რაც აუცილებელია ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფების სისრულეში მოყვანისთვის.

იმედი მაქვს თქვენთან თანამშრომლობის, რათა დავეხმაროთ საქართველოს გააძლიეროს საკუთარი დემოკრატიული ინსტიტუტები, მიაღწიოს პოლიტიკურ პლურალიზმს, გააძლიეროს კანონის უზენაესობა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის საშუალებით და მოახდინოს ეკონომიკის დივერსიფიცირება“.

ელისაბედ II – დიდი ბრიტანეთის დედოფალი: „დიდი სიხარულით გილოცავთ ეროვნულ დღესასწაულს. საუკეთესო სურვილებით თქვენ და საქართველოს მოსახლეობას“.

ემანუელ მაკრონი – საფრანგეთის პრეზიდენტი: „[საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილისადმი გამოგზავნილი წერილი] ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, თქვენ და ქართველ ხალხს ბედნიერებისა და კეთილდღეობის სურვილებს გიგზავნით. ჯანმრთელობის კრიზისს, რომელსაც ახლა განვიცდით, ქვეყნების უმრალვესობისთვის ეკონომიკური და სოციალური განშტოებები ექნება. როგორც 7 მაისს ჩვენი სატელეფონო საუბრის დროს აღვნიშნე, ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობამ [კოვიდ-19-ის პანდემიაზე] რეაგირებას შეუწყო ხელი.

შეგიძლიათ საფრანგეთის მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. საფრანგეთის განვითარების სააგენტოს მიერ საქართველოსთვის სესხების გაზრდილი მოცულობა, იმ რეფორმების განხორციელების საშუალებას მოგცემთ, რომელიც თქვენი მხრიდან ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და ენერგიის სექტორებში გატარდა.

საქართველოს და საფრანგეთს გრძელვადიანი, მეგობრული, პრივილეგირებული და სანდო პარტნიორობა აკავშირებთ. ჩვენი თანამშრომლობის დონემ ერთი ნაბიჯით წინ წაიწია დიმიტრი ამილახვრის დიალოგის [პლატფორმის] მეშვეობით, რომელიც პარიზში, 2019 წლის თებერვალში თქვენი ვიზიტის დროს დაიწყო და პირველი სესია ასევე პარიზში გასული წლის დეკემბერში გაიხსნა.

მომდევნო თვეების განმავლობაში, ჩვენ უნდა გავაღრმავოთ ჩვენი ურთიერთობა სწავლებისა და ახალგაზრდობის [საკითხებში], რამდენადაც ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტი უკვე შემოდგომისთვის [ქართველი სტუდენტების] მისაღებად იქნება მზად“.

რეუვენ რივლინი – ისრაელის პრეზიდენტი: „ისრაელის სახელმწიფოს სახელით მაქვს პატივი საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოგილოცოთ. ნება მომეცით, თქვენ და ქართველ ხალხს მომავალი განვითარება, კეთლდღეობა და სიმშვიდე გისურვოთ.

ისრაელი მოხარულია ორ ქვეყანას შორის არსებული კარგი ურთიერთობებისა და თანამშრომლობის, რომელიც საქართველოში ებრაელი მოსახლეობის ცხოვრების მრავალწლიან ისტორიაზეა დაფუძნებული. ქართველთა და ებრაელთა სათვისტომოები ისრაელსა და საქართველოში ასევე ორ ქვეყანას შორის არსებული მნიშვნელოვანი კავშირის მაგალითია.

საქართველოსა და წმინდა მიწას შორის არსებულმა კავშირებმა გამოხატვა მე-13 საუკუნეში თქვენი უდიდესი ეროვნული პოეტის შოთა რუსთაველის იერუსალიმში ვიზიტშიც ჰპოვა, რომელიც ისრაელში, ჯვრის მონასტერშია დაკრძალული. ისრაელი და საქართველო დღეს საერთო ბედს იზიარებენ, ჩვენი ორიე უძველესი ხალხი ვართ, რომლებსაც ახალი და დამოუკიდებელი სახელმწიფოები აქვთ. ისრაელსა და საქართველოს შორის არსებული ზრდადი ორმხრივი თანამშრომლობა ვაჭრობის, განათლების, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში ძალზედ დამაიმედებელია.

გასულ წელს თქვენს ქვეყანას ისრაელიდან 200 000 ტურისტი სტუმრობდა. ჩვენ ძალისხმევას არ ვიშურებთ, იმისთვის, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ისრაელი პირველი ქვეყანა იყოს, რომელიც საქართველოსთან ტურიზმისა და საჰაერო მოგზაურობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს“.

საქართველომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშრებით „გულწრფელი“ მილოცვა ურაინის საგარეო საქმეთა სამინისტროსგანაც მიიღო. ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორმა „მეგობარ ხალხს“ „მშვიდობა“ და „კეთილდღეობა“ უსურვა.

დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პოლონეთმაც მიულოცა. „ეს დღე ჩვენია“, – დაწერა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ Twitter-ზე.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშრებით საქართველომ „გულწრფელი მილოცვა“ მიიღო ლიეტუვისგანაც. „მთელი გულით ვულოცავთ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ლიეტუვა მტკიცედ უჭერს მხარს თქვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – დაწერა Twitter-ზე ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევისიუჩმა.

დამოუკიდებლობის დღე საქართველოს ლატვიამაც მიულოცა და ქვეყანას „მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა“ უსურვა.

26 მაისთან დაკავშრებით, ქვეყანამ მილოცვა მიიღო ყაზახეთიდანაც.

ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ესტონეთმაც. „ესტონეთი ყოველთვის იქნება ახლო და მტკიცე მეგობარი“, – დაწერა Twitter-ზე ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

საქართველომ მილოცვა მეზობელი აზერბაიჯანისგანაც მიიღო. „ჯანმრთელობას, წარმატებას და მუდმივ კეთილდღეობას გისურვებთ“, – დაწერა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტომ Twitter-ზე.

„დიდად ვაფასებთ სომხეთი-საქართველოს მეგობრობას, რომელიც საერთო ღირებულებებსა და პარტნიორობისა და თანამშრომლობის განგრძობად პოზიტიურ დინამიკას ეფუძნება. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“ – დაწერა Twitter-ზე სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა.

26 მაისი ქვეყანას საქართველოში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირისა და ისრაელის ელჩებმა – კელი დეგნანმა, ჯასტინ მაკკენზი სმიტმა, კარლ ჰარცელმა და რან გიდორმაც მიულოცეს.

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე, დღეს ქვეყანაში დამოკუკიდებლობის დღე განსხვავებულ ფორმატში, მასობრივი თავყრილობების გარეშე აღინიშნა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოქალაქეებს დამოუკიდებლობის დღე ვაზიანის სამხედრო ბაზიდან მიულოცეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button