ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე – 25 მაისი

ევროპის მოამბე” ჩვენი გაზეთის მუდმივი რუბრიკაა, რომლის მიზანიცაა “ევროპასთან უმეშველო კავშირი” დაამყაროს ჩვენი მკითხველებისათვის. გამოდის ყოველ დღე, კვირის და უქმეების გარდა ფეისბუკის გვერდზე @EuropeHerald და ხელმომწერებისათვის. ელექტრონული ფოსტით ხელმოწერა ამ გვერდზე შეგიძლიათ

მადლობას ვუხდით ჩეხეთის ტრანზიციის ხელშეწყობის პროგრამას ჩვენი გამოცემის დახმარებისათვის

ჩინეთის ვაქცინები დოღის სათავეში — ევროპელ თარჯიმანთა ვარამი — ავსტრიის პრეზიდენტის ჩაშლილი პაემანი


☣️ საინტერესო ამბებია კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებით: ბრიტანელ ჟურნალისტებს, მეცნიერებთან თანამშრომლობით, დაუანგარიშებიათ, რომ ამჟამად მსოფლიოში კოვიდ-19-ის 224 ვაქცინა გადის გამოცდას. ყველაზე მეტი ვაქცინა ტესტირებაზე ჩრდილო ამერიკაშია ჩაშვებული – 49. სამაგიეროდ, იმ ვაქცინების ათეულში, რომელიც იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ადამიანებზე ტესტირების ფაზაზე გადავიდა, ექვსი ვაქცინა ყოფილა ჩინური კომპანიებისა, ერთი ბრიტანული, ერთი გენრმანული და ორიც აშშ-სა. ამათგან მხოლოდ ერთი, ასევე ჩინური ვაქცინა გადავიდა ადამიანებზე ტესტირების მეორე ეტაპზე, ანუ საკმაოდ უსაფრთხოდ ჩაითვალა და ახლა მისი ქმედითობის აწონვა ხდება. ჩინეთზედ ქედმაღლურად ყურება რომ ცუდი საქციელია, ეს ადრეც გვითქვამს და ახლა საქმითაც დასტურდება. სამაგიეროდ, აშშ წამლობის ადმინისტრაციის (FDA-ს) თავკაცს უთქვამს, ვაქცინა ჩინეთზე ადრე გვექნება და თანაც მათზე უკეთესიცო. ევროპელი ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ როცა ხალხის სიცოცხლის გადარჩენაზეა საუბარი, ჯიბრში ჩადგომა ცოტა უხერხულია…

🇪🇺 კორონავირუსს ევროპარლამენტის დერეფნებში მრავალი მოულოდნელი შედეგი მოჰყვა. საქმე ისაა, რომ ტელეკონფერენციით შეხვედრისას ევროდეპუტატები უთარჯიმნებოდ გადიან იოლას, ანდა თავისსავე თარჯიმნებს იხმარენ, რამაც ბრიუსელში მომუშავე თარჯიმნები, რომელთაგან ბევრი დროებითი ხელშეკრულებით მუშაობს, უსაქმოდ დატოვა. ახლა, როცა მუშაობა განახლდა, ზოგიერთი მათგანი საკუთარი სამშობლოდან ბრიუსელში მგზავრობას ვეღარ ახერხებს. შესაბამისად, ევროპარლამენტში, სადაც გამოსვლები 24 ენაზე ითარგმნება, თურმე გაუგებრობებმა იმატა. დეპუტატების უმრავლესობას უცხო ენები კი ესმის, მაგრამ თავისი აზრის გადმოცემას მთლად ზუსტად ვერ ახერხებენ თურმე. სამსახურში დარჩენილი თარჯიმნების რაოდენობაც შემცირებულა – ადრე რომ ოთხი კაცი უძღვებოდა, იმ საქმეს ახლა ერთი აკეთებს. ჰოდა, ევროპარლამენტი ბაბილონის გოდოლს დაემსგავსა თურმე. საინტერესო კია, მაგრამ სალაღობო თემად არ უნდა გვეჩვენოს ეს – მტკიცე დასტურია იმისა, რომ ეროვნული თვითმყოფადობის ამოშანთვას ევროკავშირში არავინ ლამობს…

🇦🇹 შაბათ საღამოს, ავსტრიის პრეზიდენტს, ალექსანდერ ვან დერ ბელენსა და მისი მეუღლეს პოლიციამ თურმე პატარა იტალიურ რესტორანში წაასწრო. შუაღამეს უკვე გადაცილებული იყო, ავსტრიული კანონი კი ამ კორონობას მოითხოვს, ამ დროისთვის ყველა წესიერი მოქალაქე სახლში უნდა იყოს და არა გარე-გარე დაიარებოდეს. „ლაპარაკში ისე გავერთეთ, დროის გასვლა ვერც კი შევამჩნიეთო“, – მოიბოდიშა დარცხვენილმა პრეზიდენტმა. აი, ასე იციან წესრიგის მოყვარულმა ავსტრიელებმა – არც შენსას დაინდობენ, არც თავისას.

ასეთი ამბები გვქონდა დღეს, ღამე ნებისა!

მსგავსი/Related

Back to top button