ახალი ამბები

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესების შესახებ კანონპროექტი მიიღო

საქართველოს პარლამენტმა 22 მაისს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში სადავო ცვლილებათა პაკეტი მიიღო, რომლითაც მთავრობას შეეძლება 23 მაისს საგანგებო მდგომარების დასრულების შემდეგ, 15 ივლისის ჩათვლით, საკარანტინო შეზღუდვები კვლავაც გამოაცხადოს.

ცვლილებების პროექტი, რომელიც ქართული ოცნების ექვსმა დეპუტატმა 13 მაისს დაარეგისტრირა, პარლამენტმა დღეს, მესამე მოსმენით, 80 ხმით, არცერთის წინააღმდეგ მიიღო. ოპოზიციას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ცვლილებების პაკეტი მთავრობას უფლებამოსილებას ანიჭებს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის უსაფრთხოების მოტივით საკარანტინო ზომები კვლავაც გამოიყენოს, რასაც რიგი საკონსტიტუციო უფლებებისა და თავისუფლებების – მათ შორის, შეკრების თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება, საკუთრების, ეკონომიკური და შრობითი უფლებების – შეზღუდვები მოჰყვება.

საკანონმდებლო ცვლილებებს ოპოზიციის კრიტიკა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების გულისწყრომა მოჰყვა.

ოპოზიციონერ კანონმდებელთა თქმით, კანონი მთავრობას ფაქტობრივად განუსაზღვრელი დროით ანიჭებდა საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებულ ძალაუფლებას. ამასთან, ოპოზიციონერებმა კანონპროექტი იმიტომაც დაიწუნეს, რომ იგი მთავრობას უფლებას აძლევდა შეზღუდვების გამოცხადება-აღსრულება საპარლამენტო ზედამხედველობის გარეშე განეხორციელებინა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ კანონპროექტს „დიქტატორული“ უწოდა, სხვებმა კი – მმართველი პარტია ადამიანის ძირითადი უფლებების დარღვევის მცდელობაში დაადანაშაულეს.

საკითხს საქართველოს სახალხო დაცველიც გამოეხმაურა, რომელმაც 20 მაისს ხარვეზების გრძელი სია წარუდგინა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელ დიმიტრი ხუნდაძეს. ომბუდსმენმა გამოჰყო კანონპროექტის არამკაფიო ჩანაწერები, რომლებიც ხელისუფლებას ადამიანის უფლებებში ჩარევის საშუალებას აძლევდა. კანონპროექტი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამაც დაიწუნა.

საპასუხოდ, კანონპროექტის წარდგენისას, 21 მაისს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ კორონავირუსის მორიგი ტალღის საფრთხეზე ისაუბრა და განაცხადა: „გარკვეული წესები უნდა შემოვიღოთ, უნდა შევთანხმდეთ იმ რეგულაციებზე, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და ქვეყნის უსაფრთხოება იყოს დაცული“.

კანონპროექტის მიმართ კრიტიკის ფონზე, „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი კობახიძე სხდომაზე ახალი ინიციატივით გამოვიდა და თქვა, რომ კანონპროექტი სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესაბამისად გადაეხედათ. კობახიძემ კოლეგებს შესთავაზა, შემზღუდავი ნორმები გარდამავალ დებულებებში გაეწერათ და მთავრობისათვის საკარანტინო შეზღუდვების დაწესების უფლების საბოლოო ვადაც – 15 ივლისი – განესაზღვრათ.

ოპოზიცია ქართული ოცნების მხრიდან დათმობაზე წასვლას მიესალმა, თუმცა აღნიშნა, რომ კანონმდებლობა კონსტიტუტიას მაინც არ შეესაბამება.

კანონის მიღების აუცილებლობაზე 22 მაისის დილით კორონავირუსთან ბრძოლის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამაც ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მთავრობას ვირუსის კონტროლისთვის საჭირო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა ჰქონდეს. ამ კონტექსტში, მან ხაზი გაუსვა რამდენიმე რეგიონში ინფიცირების ახალ შემთხვევებსაც.

პრემიერმა ოპონენტები პარლამენტში „პოლიტიკური მასკარადის“ მოწყობის გამოც გააკრიტიკა და რეგულაციების გახანგრძლივების პირობა დადო, რაც, მისი თქმით, საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვითაა ნაკარნახევი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button