ევროპის მოამბე

ევროპის მოამბე – 22 მაისი

“ევროპის მოამბე” ჩვენი გაზეთის მუდმივი რუბრიკაა, რომლის მიზანიცაა “ევროპასთან უმეშველო კავშირი” დაამყაროს ჩვენი მკითხველებისათვის. გამოდის ყოველ დღე, კვირის და უქმეების გარდა ფეისბუკის გვერდზე @EuropeHerald და ხელმომწერებისათვის. ელექტრონული ფოსტით ხელმოწერა ამ გვერდზე შეგიძლიათ

მადლობას ვუხდით ჩეხეთის ტრანზიციის ხელშეწყობის პროგრამას ჩვენი გამოცემის დახმარებისათვის

გავიხსნათ, მაგრამ როგორ? — ტრამპის მოპატიჟებამ ევროპელები საგონებელში ჩააგდო — შვედური ექსპერიმენტის შუქ-ჩრდილები — ქალთა უფლებები კარჩაკეტილობისას

სამხრეთ ევროპის ქვეყნები კერძოდ კი, საბერძნეთი, იტალია, მალტა და ახლა უკვე ესპანეთიც ერთობ დაინტერესებულნი არიან, რაც შეიძლება მალე მოხსნან სასაზღვრო შეზღუდვები, რომ ტურისტული სეზონი არ ჩაუვარდეთ. დღეს დილით ჩვენმა ახალგაზრდა კურცმა კი ტვიტერზე დაწერა ავსტრიაც მიიღებს სტუმრებს და სათანადო პატივსაც ვცემთო, მაგრამ მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, სადაც ვითარება კონტროლქვეშააო. ამით კურცმა აშკარად მიანიშნა, რომ იტალია ამ ქვეყნებში ნამდვილად არ შედის და მასთან საზღვრის გახსნას ჯერ არც ფიქრობს, რითიც ემოციური იტალიელი მეზობლები საკმაოდ გაანაწყენა.

***

როგორც ჩანს, დონალდ ტრამპსაც აევსო მოთმინების ფიალა და წინადადებით გამოვიდა გვეყო ეს ტელენეტვორქინგი და ადამიანურად შევიკრიბოთ დიდი შვიდეულის სამიტზეო. ფრანგთა თავკაცი მაკრონი და იტალიელი კონტე უკვე ბარგს ალაგებენ. ევროკომისიის ქალბატონმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა, ჯერ უნდა მოვიფიქროო. კანცლერი მერკელიც ჯერ ჭოჭმანობს. მოკლედ ევროპა შეფიქრიანდა.  წასვლაც საჭიროა და წაუსვლელობაც არ იქნება…

***

როგორც მოგეხსენებათ, შვედეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც იმთავითვე უარი თქვა პანდემიის საწინააღმდეგო ზომებსა და შეზღუდვებზე, ჩვენი ხალხი ისეთი შეგნებულია, ჩვენი აკრძალვების გარეშეც წესიერად მოიქცევიანო. ჰოდა, მაშინ, როცა მთელი სამყარო სახლში გამოიკეტა და ბოლთას სცემდა გუგუნებდა შვედეთში კაფეები, მაღაზიები, ბანკები, სკოლები, კინოთეატრები და სხვა ყველა წესიერი თუ უწესო დაწესებულება.  ამასობაში სიკვდილიანობის რიცხვმა ქვეყანაში 3,831-ს მიუკაკუნა, რასაც მისი მეზობელი ფინეთი, დანია და ნორვეგია შეშფოთებით ადევნებენ თვალყურს და სამეზობლო კარს ისეც ჩარაზულს ტოვებენ…

***

ისევ შვედეთზე, სიმართლე გამხელილი სჯობს, და ვერც ეკონომიკამ იხეირა დიდად. მაღაზიის დახლები მოწყენილად დგანან მუშტრის მოლოდინში, რომელიც გოდოსი არ იყოს, არა და არ ჩანს. თითქმის ცარიელი მატარებლებიც ეულად მიდი-მოდიან. კრიზისმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რაოდენ დამოკიდებულნი ვართ ექსპორტსა და გარე სამყაროზეო, დანანებით უთქვამს აქსელ იოზეფსონს, გოტენბურგის მერს. უცნაური ნათქვამია ღმერთმანი, რესტორნები და თმის სალონების იმედზე ხომ ვერ იქნებოდნენ ამ ეკონომიკური ქარტეხილის დროს?

***

სხვა ყველაფერთან ერთად, ევროპაში კორონას იმაზეც უჩივიან ქალთა რეპროდუქციულ თავისუფლებას ზღუდავსო, რადგან არსებულ პირობებში კლინიკაში ვიზიტი, ანდაც კონტრაცეფციულ საშუალებებზე წვდომა ძალიან გაჭირდაო. ამის საპასუხოდ, ევროპის რიგ ქვეყნებში (დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, საფრანგეთი, გერმანია) დაუშვეს გამონაკლისები. ახლა უკვე არასასურველი ორსულობის შეწყვეტა ქალებს სახლის პირობებშიც შეუძლიათ სპეციალური აბების მეშვეობით, რა თქმა უნდა, ორსულობის გარკვეული ვადის დაცვით. ნიდერლანდებმა თურმე ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, სახლის პირობებში ასეთების გაკეთებას ვერ დავუშვებთო.

მსგავსი/Related

Back to top button